ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზები ვერც მეორე სპარინგში დაამარცხა

0
16

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა გუნდმა წლის ბოლო მატჩი ყირგიზეთის ნაკრებთან ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა. პირველი სპარინგის მსგავსად, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს, ავთანდილ ასათიანმა ისევ გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა და მეტიც, დასვენების საშუალება როგორც გუნდის „ძრავს“ ნატურალიზებულ ბრაზილიელ რონინოს, ასევე კაპიტან ზვიად კუპატაძეს მისცა. განვლილ დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრაზილიელების გარეშე საქართველოს ნაკრებს თუნდაც ყირგიზეთის დონის მეტოქის დამარცხება უჭირს.
შეხვედრის მე-3 წუთზე შოთა თიფურიამ კუთხური ჩააწოდა და არჩილ სებისკვერაძემ ბურთი მიწაზე დაუშვებლად ისე დაარტყა, რომ ადგილი აზიელების კარში მიუჩინა – 1:0. ამის შემდეგ, სებისკვერაძეს ანგარიშის გაზრდა კიდევ 2-ჯერ შეეძლო – ჯერ ცარიელ კარში შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ძედა ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი თავს ზემოთ არაზუსტად გადაუგდო.
მოგვიანებით თავისი შანსი ნიკოლოზ კურტანიძემ ვერ გამოიყენა, როდესაც ვარდნაში სანტიმეტრები დააკლდა ბურთს მიწვდომოდა და გაეტანა. ტაიმის დასრულებამდე 20 წამით ადრე, გიორგი ღავთაძემ ბურთი შეტევაში დაკარგა, რასაც ყირგიზები კონტრიერიში და მახამადამინოვის დარტყმ მოჰყვა, ხოლო ღავთაძემ ავტოგოლი მიითვალა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები წინ გასვლას ცდილობდა და შეტევის გაძლიერებისთვის ასათიანმა მეკარის მაგივრად კიდევ ერთი ფეხბურთელი დაამატა, თუმცა, 30-ე წუთზე ღავთაძემ მასპინძლების იერიშის დროს ისეც ცუდად ითამაშა და აზატ ისაბეკოვმა შორიდან ცარიელ კარში გაიტანა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში შოთა თოფურიას გადაცემით კურტანიძემ ისარგებლა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:2.
საქართველოს ნაკრებს დაწინაურების შანსიც ჰქონდა, მაგრამ თოფურიამ და კურტანიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანეს. თავის მხრივ გოლის გატანის სესაძლებლობა ყირგიზებსაც ჰქონდათ, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
საქართველო – ყირგიზეთი 2:2 (1:1)
22 დეკემბერი. თბილისი. ოლიმპიური სასახლე.

საქართველო: ბუკია (კ), თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე.
სათადარიგოები: კუპატაძე, ჯამბურია, ვილიან ლორენსუ, ქურდაძე, ზუნტუროვი, ღავთაძე, გიორგაია, ჭუმბურიძე, კურტანიძე.