“ასტრალის” რევანში “ივერიონთან”

0
24

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად გაირკვა. თბილისის “ასტრალმა” პირველ წრეში 3-ქულიანი მარცხის საპასუხოდ გორის “ივერიონი” 111:89 გაანადგურა და სამგუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველობა ფაქტობრივად გაინაღდა. გონსალო ფერნანდესის გაწვრთნილ “ასტრალს” 23 დეკემბერს აუტსაიდერი “გალფის” დამარცხება მართებს, რითაც პირველობას ოფიციალურად გაინაღდებს და “ა” ლიგაში გადასასვლელად საკვალიფიკაციო რაუნდში თელავის “ბურჯს” დაუპირისპირდება.

“ასტრალმა” პირველ წრეში მარცხის საპასუხოდ გორელებს სრულფასოვანი რევანში აუღო. გამარჯვება ასტრალელების გუნდური გარჯის შედეგი გახლდათ, თუმცა არ შეიძლება ევან მილიგანის შედეგიანობა არ აღინიშნოს. ამერიკელმა ფორვარდმა 41 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო.

ასტრალელებმა შეხვედრა 19:0 გაქცევით დაიწყეს და ამაზე დაბლა ლიდერობა თამაშისთვის განკუთვნილ დროში აღარ ჩამოსულა. სწრაფი შეტევებით, გაუვალი დაცვით და შორი, ზუსტი სროლებით “ასტრალი” იოლად გადიოდა ფონს და ლიდერობას, რაც დრო გადიოდა, იმტკიცებდა. მეორე პერიოდის 33:18 მოგების შემდეგ “ასტრალი” დიდ შესვენებაზე 26-ქულიანი უპირატესობით გავიდა და მესამე პერიოდში, ანგარიშში სხვაობა 30 ქულას რომ მიაღწია, შეხვედრის ბედიც საბოლოოდ გაირკვა. თითქმის მთელმა მეორე ნახევარმა ფიქტიური ხასიათი მიიღო. ფერნანდესის გაწვრთნილი გუნდი საბოლოოდ სასურველ გამარჯვებამდე მივიდა და ცხრილში გორელებს გადაასწრო.

41-ქულიანი სუპერშედეგის კვალზე “ასტრალში” 13 ქულა ჰქონდა საბა გეგუჩაძეს, ხოლო ენტონი მოსბის ანგარიშზე 11 ქულა 5 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. “ივერიონში” 36 ქულით, 7 მოხსნითა და 6 ჩაჭრით საუკეთესო იყო კენდარიუს სმიტი. 21 ქულა ევან ჰინსონმა, ხოლო 11 – ჰავიერ ნიუსონმა მიითვალეს.

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დასრულებამდე 2 მატჩია. “გალფი” – “ასტრალი” (23 დეკემბერი) და “ივერიონი” – “გალფი” (25 დეკემბერი), რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასული გუნდი თელავის “ბურჯს” ორმატჩიან საკვალიფიკაციო სერიაში დაუპირისპირდება. ამ სერიის გამარჯვებული “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს. საკვალიფიკაციო სერიის მატჩები 28 და 30 დეკემბერს გაიმართება.