დავით მუჯირი:”საფეხბურთო განათლება მნიშვნელოვანი მიმართულებაა”

0
23

18 დეკემბერს საგანმანათლებლო პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟანა ანთიამ გადასცეს.
ცერემონიის დასაწყისში, ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს წარმომადგენლებმა და ლექტორებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და საფეხბურთო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
 დავით მუჯირი: „აღნიშნული პროექტი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. საფეხბურთო განათლება ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მინდა, თითოეულ მონაწილეს მივულოცო კურსის წარმატებით დასრულება და ვუსურვო, რომ ის განათლება რაც აქ შეიძინეს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოიყენონ”.
ჟანა ანთია: „აღნიშნული საგანმანათლებლო კურსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები იშვიათად იღებენ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გადაწყვეტილებას. ამ მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამორჩეულია. სამი წლის წინ ერთობლივად დავსახეთ მიზნები ამ პროექტთან დაკავშირებით და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროექტის მონაწილეები დიდ წარმატებას მოუტანენ ფეხბურთის განვითარებას საქართველოში”.
კურსის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ფეხბურთის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა, საზოგადოებასთან ურთიერთბისა და მარკეტინგის საფუძვლები, საფეხბურთო ღონისძიების ორგანიზება, სტადიონების მართვა, უსაფრთოების საკითხები, ფინანსები და სხვა.
კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სემინარებს.
სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით იმართება. ის უეფა-ს საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მეოთხედ, GIPA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში კი, უკვე მესამედ იმართება.