მოიესის მე-600 მატჩი და ანტირეკორდი „არსენალთან“

0
3

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ლონდონის „არსენალმა“ თანაქალაქელი „ვესტ ჰემი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მასპინძლებიდან თავი 48-ე წუთზე მარტინელიმ გამოიჩინა, ხოლო 87-ეზე – სმიტ როუმ. აღსანიშნავია, რომ 67-ე წუთზე „ვესტ ჰემს“ კუფალი გაუძევეს, ხოლო ლაკაზეტმა 69-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
„არსენალის“ ფეხბურთელებმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე თერთმეტმეტრიანი გააცუდეს, რაც 1992 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც ლონდონელებმა 5 პენალტი ვერ გაიტანეს. ლაკაზეტამდე 2-ჯერ თავისი შანსით პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ვერ ისარგებლა.
„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა პრემიერ ლიგაში მე-600 მატჩი ჩაატარა. ის მანამდე, „ევერტონს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „სანდერლენდს“ წვრთნიდა. მოისესის შედეგი პრემიერ ლიგაში მეოთხეა. რეკორდსმენის „არსენალის“ ყოფილი თავკაცი არსენ ვენგერია – 828 მატჩი, მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსდამრიგებელი ალექს ფერგიუსონია – 810 მატჩი, ხოლო მესამეზე – ჰარი რედნაპი – 642 მატჩი.
სხვათა შორის, მოიესის გაწვრთნილ გუნდებს პრემიერ ლიგაში „არსენალთან“ სტუმრად არასოდეს მოუგიათ – 14 მარცხი და 4 ფრე, რაც ინგლისის ჩემპიონატის ანტირეკორდია.
ამ გამარჯვების შემდეგ ესპანელი მიკელ არტეტას გაწვრთნილმა „არსენალმა“ 29 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე „ვესტ ჰემი“ ჩაანაცვლა.