პირველად ისტორიაში -ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა თავიდან ჩატარდება

0
22

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა თავიდან გაიმართება. უეფამ ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა: “გარე მომწოდებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, რომელიც უეფას ოფიციალურ პირებს აცნობებს რომელ გუნდებს შეუძლიათ ერთმანეთთან თამაში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სერიოზული შეცდომა მოხდა”.
პირველად გამართულ კენჭისყრას უცვლელ წამყვან პედრო პინტუსთან ერთად, უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტი და რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი არშავინი უძღვებოდნენ. კენჭისყრის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის თასი სწორედ რუსმა ფეხბურთელმა შემოიტანა. თავდაპირველად ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “რეალი” (მადრიდი)
“ვილიარეალი” – “მანჩესტერ სიტი” (მანჩესტერი)
“ატლეტიკო” (მადრიდი) – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“ზალცბურგი” – “ლივერპული”
“ინტერი” (მილანი) – “აიაქსი” (ამსტერდამი)
“სპორტინგი” (ლისაბონი) – “იუვენტუსი” (ტურინი)
“ჩელსი” (ლონდონი) – “ლილი”
პსჟ (პარიზი) – “მანჩესტერ იუნაიტედი” (მანჩესტერი)
არშავინის მიერ უეფას თანამშრომლების მიერ შეთავაზებული ბურთების ამოღების შემდეგ “ვილიარელი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაწყვილდნენ, რაც შეუძლებელია, რადგან ეს გუნდები ერთ ჯგუფში თამაშობდნენ. არშავინმა კიდევ ერთი ბურთი ამოიღო და “ვილიარეალს” მეტოქედ “მანჩესტერ სიტი” შეხვდა.
გარდა ამისა, როდესაც “ატლეტიკოს” მეტოქეს არკვევდნენ კალათაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ბურთულა არ დაამატეს, სამაგიეროდ დაამატეს “ლივერპულის”, რომელთან ერთად მადრიდელები ჯგუფში იმყოფებოდნენ. საბოლოოდ, “ატლეტიკოს” მოწინააღდეგედ “ბაიერნი” ერგო.
“ატლეტიკომ” კენჭისყრის მეორედ ჩატარების საკითხი განიხილა და საბოლოოდ უეფამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.
1/8-ფინალის პირველი მატჩები 15-16 და 22-23 თებერვალს, ხოლო საპასუხო 8-9 და 15-16 მარტს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2022 წლის 28 მაისს რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგში “გაზპრომ არენაზე” 28 მაისს ჩატარდება.

ლაშა თაბაგარი