ლევან მაისაშვილი:”მეტოქეს ყველა ასპექტში ვჯობდით, თუმცა დასკვნით წუთებში ცუდად ვითამაშეთ”

0
13

ლევან მაისაშვილის მიაჩნია, რომ კრასნოიარსკის “ენისეის” ყველა ასპექტში აჯობეს, მაგრამ ამის მიუხედავად მისმა შეგირდებმა დასკვნით წუთებში სტატიკურ ფაზებში ცუდად ითამაშეს და ბევრი დერეფანი წააგეს.
“შავი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევროპა რაგბის სუპერთასზე შინ რუსულ გუნდთან 27:20 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
ლევან მაისაშვილი: „განვლილი მატჩის შემდეგ ანალიზი გავაკეთეთ, მთელი კვირა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ეს პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის პირველ ნახევარში კარგად გამოჩნდა. მეტოქეს ყველა ასპექტში ვჯობდით, თუმცა დასკვნით წუთებში ცუდად ვითამაშეთ სტატიკურ ფაზებში და წავაგეთ ძალიან ბევრი დერეფანი.
„ეს გუნდი შექმნილია იმისთვის, რომ ბევრ გამოუცდელ მორაგბეს მივცეთ შანსი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსაგებად არ გავდივართ მოედანზე. ეს იქნება გაკვეთილი იმ მორაგბეებისთვის, ვისაც მსგავს წნეხში აქამდე არ უთამაშია. მათ ნახეს, რომ მეტია გასაკეთებელი და მეტი შრომაა საჭირო. ბონუსით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთებში სანერვიულო გაგვიხდა.
გვაკლია სტაბილურობა, თანმიმდევრულობა, გადაწყვეტილებების სწორად მიღება, თუმცა, გუნდის შენებას დრო ჭირდება. ჩვენი მიზანია გვყავდეს მეტი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მორაგბე და შენების პროცესში ჩავარდნებიც იქნება. ნოემბერში მოთამაშეები 4 კვირის განმავლობაში გაშვებული გვყავდა და ამანაც იმოქმედა თამაშის ხარისხზე. ჩვენ ვხედავთ პრობლემას და მასზე გამუდმებით ვმუშაობთ. მიუხედავად ყველაფრისა დღეს გავიმარჯვეთ და 4 ქულა ავიღეთ. მომდევნო თამაში ისრაელში, ‘თელავივ ჰითთან’ გვაქვს და თუ დაგეგმილი ოთხი ქულა იქაც ავიღეთ, ჩავთვლი, რომ პირველი ეტაპი დამაკმაყოფილებლად გავიარეთ”.
‘შავი ლომის’ კაპიტანი მერაბ შარიქაძე დარწმუნებულია, რომ არა სტატიკურ ფაზებში დაშვებული შეცდომები, სხვაობა ბევრად დიდი იქნებოდა:
„ვთვლი, რომ მოედანზე ყველა გადწყვეტილება პრაგმატულად მივიღეთ. თამაში კარგად მიგვყავდა და რომ არა სტატიკურ ფაზებში დაშვებული შეცდომები, დარწმუნებული ვარ ამ თამაშს უფრო დიდი სხვაობით და ბონუსით მოვიგებდით“.
ნამატჩევს შედეგით უკმაყოფილო იყო ‘ენისეის’ მთავარი მწვრთნელი ალეკსანდრ პერვუხინი:
„ჩვენ მოსაგებად ვიყავით ჩამოსული, მაგრამ ასე არ მოხდა. ცხადია, შედეგით უკმაყოფილო ვართ. რაც შეეხება ბონუს-ქულას, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს ამის შედეგი იყო. ჯამში მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა. ქართული რაგბი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, მაგრამ ვიმეორებ, რომ მოსაგებად ვიყავით ჩამოსული. ‘შავი ლომი’ კარგად თამაშობდა რაქში, აგრესიულად და კონცენტრირებულად, რითაც გვაიძულა შეცდომები დაგვეშვა, თუმცა, ბევრი შეცდომა ჩვენითაც დავუშვით. შეტევაში რამდენიმე დასანანი ბურთი დავკარგეთ“.
მარცხს შეცდომებს აბრალებს ‘ენისეის’ კაპიტანი დმიტრი გერასიმოვი:
„მატჩის დასაწყისში ბევრი ქულები გავუშვით. ვგრძნობდით, რომ შეხვედრის გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით“.