„გაგრა“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

0
21

„გაგრა“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-აუტის საპასუხო შეხვედრაში გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა გაგრელებმა ქობულეთის „შუქურას“ 1:0 აჯობეს და მომავალ სეზონში უძლიერეს 10 ქართულ გუნდს შორის იასპარეზებენ.
მე-7 წუთზე „გაგრას“ შეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გურამ სამუშიამ გოლის გატანა „მაკრატელათი“ სცადა, მაგრამ საბოლოოდ პასი „შუქურას“ კარის შორეულ ძელთან მყოფ თამაზ მაქაცარიას მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მაქაცარიამ რეგულარულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
64-ე წუთზე  მარცხენა ფლანგიდან „ჯარიმის“  შესრულების დროს გიორგი ვეკუამ მეტოქის საჯარიმოში გიორგი ქობულაძე მოძებნა, რომლის თავურის შემდეგ, სტუმრები გოლის გაშვებას მეკარე თებიძემ გადაარჩინა, რომელმაც ნახტომში ბურთი მოიგერია. ცოტა ხანში, მეტოქის კარს ახლო მანძილიდან სანდრო შეწირული დაემუქრა და ისევ თებიძემ იყოჩაღა. 70-ე წუთზე ქობულეთელი ნიკა ჭანტურიას და გაგრელი ივანე ხაბელაშვილის შელაპარაკების შემდეგ, თამაში მცირე ხნით გაჩერდა. საბოლოოდ, კონფლიქტში ორივე გუნდის მოთამაშეები ჩაერივნენ და მხარეები დააშოშმინეს.
72-ე წუთზე, მარჯვნიდან ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდოს ჩაწოდების შემდეგ, „შუქურას“ ფეხბურთელმა ვარდნაში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ დავით კერესელიძემ მეტოქეს არ გაატანინა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი „შუქურა“, რომელიც ეროვნულ ლიგაში 2020 წელს გადავიდა, მომავალ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს.
დღეს, პლეი-აუტის კიდევ ერთ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” მარტვილის “მერანს” მიიღებს, რომელთან პირველი თამაში სტუმრად 0:2 წააგო. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.