“ტიტებმა” ჩემპიონი დაამარცხა

0
16

საკალათბურთო კლუბ “ტიტების” საამაყო გამარჯვება რუსთავში. სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელმაც სეზონი უხეიროდ დაიწყო და 2 ლეგიონერი შეცვალა, ზედიზედ მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ შინ ერთ-ერთ აუტსაიდერთან და უშუალო კონკურენტთან წააგო. “ტიტების” საქებრად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად კატასტროფული დასაწყისისა, დღევანდელ მატჩში გამარჯვება მაინც მოახერხეს.
რუსთავში გამართული შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. პირველი პერიოდი ქვემოქართლელებმა 28:12 მოიგეს, ხოლო მალევე უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს. ეს ჰგავდა მატჩს, რომელსაც მალე ფიქტიური სახე მიეცემოდა, იმდენად დიდი იყო ერთი გუნდის, ამ შემთხვევაში, მასპინძელი რუსთავის უპირატესობა.
ტიტების მთავარმა მწვრთნელმა, ბესო ლეჟავამ წუთშესვენება აიღო და მოედანზე დაბრუნებული მისი შეგირდები ზეშედეგიანად ათამაშდნენ. ტიტებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყო და 20 ქულა დიდ შესვენებამდე ხომ გააბათილა, დაწინაურდა კიდეც. თუმცა ბოლო წამზე კრისტიან კილინგმა ორქულიანი ჩააგდო და დიდ შესვენებაზე რუსთაველები ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 41:40.
მესამე პერიოდიდან თანაბარი თამაში წავიდა. ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან – მეორე. ასე თანაბრად მივიდა თამაში ბოლო წუთებამდე, სადაც ყველაფერი ტიტების შეუპოვრობამ გადაწყვიტა. კარგი დაცვის ფონზე ლეჟავას გუნდის წევრები შეტევაშიც ჩინებულად ირჯებოდნენ და ბოლო წუთზე 6 ქულიან ლიდერობას რომ მიაღწიეს, თამაშის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.
საბოლოოდ ტიტებმა რუსთავს 88:79 მოუგო. გამარჯვებულთაგან შეუჩერებელი იყო ჯავიონ ოგუნიემი, რომელმაც 31 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა ჯორდან რობერტსონის ანგარიშზეა, ისააკ ასრატმა კი ორმაგი დუბლი – 17 ქულა და 12 პასი მიითვალა. რუსთაველთაგან 22 ქულითა და 7 მოხსნით იშმაელ ჰოლისი გამოირჩა. 19 ქულა და 10 პასი კრისტიან კილინგის ანგარიშზეა.
შემდეგი ტურის ხუთივე მატჩი 18 და 19 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.