„შავმა ლომმა“ „ენისეი“ დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში გალიდერდა

0
13

„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის მე-6 ტურში მორიგი მატჩი ავჭალაში ჩაატარა, რომელიც ლევან მაისაშვილი შეგირდებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
თბილისური კლუბი კრასნოიარსკის „ენისეის“ დაუპირისპირდა და 27:20 აჯობა. ქართველებმა პირველი ტაიმი 18:6 მოიგეს.
განვლილ დაპირისპირებამდე ორივე გუნდს აღმოსავლეთ კონფერენციაში 11-11 ქულა ჰქონდა და პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ. ამ გამარჯვების შემდეგ „შავი ლომი“ ერთპიროვნულად გალიდერდა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ჩვენს გუნდს 15 ქულა აქვს და ორით უსწრებს ‘თელავივ ჰითს’, ხოლო სამით ‘ენისეის’ და სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. 15 დეკემბერს ‘ჰითი’ კრასნოიარსკელებს თბილისში, „ავჭალაზე“ მასპინძლობს, 18 დეკემბერს კი ებრაელებს სტუმრად ‘შავი ლომი’ ერკინება, რის შემდეგაც ნახევარფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობა შესაძლოა ვადაზე ადრე გაირკვეს. შეგახსენებთ, ქართული ფრენჩაიზი ‘ენისეის’ სოჭში 30 ოქტომბერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს თამაში გადაიდო და მისი ჩატარების ვადები ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება რაგბი ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურის თამაშს, ‘შავი ლომი’ პირველ ტაიმში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და 12 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში სტატიკურ ფაზებში შეცდომები დაუშვა, ზედიზედ 5 დერეფანი დათმო და მეტოქემ სხვაობის შემცირების შანსი მიიღო.
ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. ისინი დომინირებდნენ რაქებში, თითქმის ყველა ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზი გადაკვეთას და მე-10 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა კარის წინ 22 მეტრიდან ანგარიში გახსნა. გავიდა რამდენიმე წუთი და მეტოქის 22-ში მოგებულ დერეფანს ბურთის ხაზზე გასვლა მოყვა, ‘შავი ლომის’ უკანახაზელებმა სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და სანდრო თოდუამ ლელო გაიტანა, მაგრამ ამ ეპიზოდში დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა.
‘ენისეი’ ჩვენს 22-ში შემოსვლას ვერ ახერხებდა და როცა დასარტყმელ პოზიციებზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, 27-ე და 35-ე წუთებზე რამილ გაისინმა საკუთარ გუნდს 6 ქულა შესძინა. მის ჯარიმებს შორის ერთი ზუსტი დარტყმა ბაბუნაშვილმაც შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი მეორე ლელოც გავიდა. ხელდახელ შეტევის შემდეგ ფრთაზე ლუკა ივანიშვილმა კარგად იარა, მას ნიკა ხატიაშვილი წამოეშველა და სტუმრები დაჯარიმდნენ. მოლს ჯერ ულდის საულიტეს სინბინი, მერე კი შალვა მამუკაშვილის ლელო მოყვა და ‘შავი ლომი’ შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გავიდა – 18:6.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა შემოგვიტიეს, თავი დავიცავით და მოედანზე გაწევ-გამოწევა გაიმართა, რასაც ნოდარ ჭეიშვილის სინბინი მოყვა. მომდევნო ჯერზე თავი უკვე სუფთად დავიცავით და აკა ტაბუცაძემ ფეხით თამაში მეტოქის 22-ში გადაიტანა, რასაც ჯარიმა და ბაბუნაშვილის მორიგი 3 ქულა მოყვა. 49-ე წუთზე შერკინება ვერ მოეწყო და ნიკა ხატიაშვილთან ერთად, 10 წუთით დასვენება ნიკო უსტჰეიზენსაც მოუწია, თუმცა კაცნაკლულებმა კვლავ იქით შევუტიეთ, დასარტყმელ პოზიციაზე ჯარიმა გამოვიმუშავეთ და ბაბუნაშვილმა უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა.
ამას შეცვლები და შეცდომები მოყვა. 56-ე წუთზე მამუკაშვილმა მოლის შემდეგ გარდაუვალი ლელოსგან გვიხსნა, მაგრამ ერთ წუთში ფრიდლე ულიფემ მაინც შეძლო ლელოს გატანა და გაისინმა გარდასახა. საპასუხო ლელო ალბათ მალე გავიდოდა, მაგრამ მეტოქის 5-მეტრიანსა და 22-ში ზედიზედ ოთხი ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რის შემდეგაც ბაბუნაშვილმა ჯარიმა უკვე კარში დაარტყა. 74-ე წუთზე ჩვენი დერეფანი ჩვენს 22-შიც დავთმეთ, კონტრშეტევას და ფეხით გადაკიდებას კი, ფრთაზე დავით მესხის ლელო და რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მოყვა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘შავმა ლომმა’ რუსეთის ჩემპიონი ‘ენისეი’ 27:20 დაამარცხა.
რაგბი ევროპის სუპერ თასი | აღმოსავლეთ კონფერენცია

VI ტური. 11 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 1200 მაყურებელი
შავი ლომი (საქართველო)  ენისეი-სტმ (რუსეთი) 27:20
შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკოლოზ აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. ლუკა მატკავა, 22. მირიან მოდებაძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.
2 ლელო: თოდუა, მამუკაშვილი
1 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი
5 ჯარიმა: გ.ბაბუნაშვილი
2 სინბინი: ჭეიშვილი, ხატიაშვილი