“ქუთაისმა” “ცხუმ-აფხაზეთს” მოუგო, “ბათუმმა” – “კაკტუსს”

0
50

სუპერლიგის მე-7 ტური რეგიონებში დაიწყო. თამაშები გაიმართა ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მასპინძელმა გუნდებმა დაგეგმილი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. განსაკუთრებით ეს ითქმის იმერულ კლუბზე. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” “ცხუმ-აფხაზეთს” უმასპინძლა და 33 ქულის სხვაობით – 97:64 დაამარცხა.
“ცხუმ-აფხაზეთს” ჩავარდნა აქვს. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან უკვე მეოთხე მარცხი განიცადა. დღევანდელ შეხვედრაში ცხუმელებს შანსი არ ჰქონიათ. მეტნაკლებად თანაბარი პირველი პერიოდი სტუმრებმა 19:23 წააგეს, ხოლო მეორე 14 ქულით დათმეს და დიდი შესვენებისთვის ქუთაისელთა უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია. მესამე პერიოდში ცხუმელები ეცადნენ, ვითარება გამოესწორებინათ, მაგრამ მხოლოდ 2 ქულა გააბათილეს და ბოლო ათწუთეულში საბოლოოდ გატყდნენ.
გამარჯვებულ ქუთაისელებს 23 ქულითა და 11 მოხსნით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 17-17 ქულა ჯარვის რეიმ და ადრიან ბოუიმ მიითვალეს. 10 ქულა და 10 პასი ოთარ ფხაკაძემ მიითვალა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 14 მოხსნა გაიფორმა. ცხუმ-აფხაზეთში 13-13 ქულით ნიკა ჩეჩელაშვილი და ლევან მასხულია გამოირჩნენ.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ შეხვედრას, მასპინძლებმა “კაკტუსს” უმასპინძლეს და 10 ქულით – 83:73 იმარჯვეს. მასპინძლები ლიდერობას თავიდანვე დაეპატრონნენ, თუმცა ხელჩასაჭიდ უპირატესობას ვერ ეუფლებოდნენ. კაკტუსი მეტოქეს ფეხდაფეხ მისდევდა და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა, თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე გონივრულად ითამაშეს და ლიდერობა მატჩის დასრულებამდე შეინარჩუნეს.
გამარჯვებულებს 25 ქულითა და 11 მოხსნით აიზეა ტრეილორმა ულიდერა. 15 ქულა და 17 მოხსნა სოსო გოგნაძის ანგარიშზე დაგროვდა. ბექა ბექაურმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. კაკტუსში 29 ქულით საუკეთესო იყო ჯორდან ფორბსი. 13 ქულა ლაშა მიქელაძის ანგარიშზეა.
მე-7 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 11 დეკემბერს თბილისსა და რუსთავში გაიმართება.