იურიდიული კომპანია McGill რაგბის კავშირის პარტნიორია

0
17

საქართველოს რაგბის კავშირსა და იურიდიულ კომპანია McGill-ს შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა.

„მაკგილი“ სრულად გადაიბარებს რაგბის კავშირის იურიდიულ საკითხებს და ასევე, გახდება სადისციპლინო საკითხების სააპელაციო ინსტანცია, რაც ობიექტურობის ხარისხს აამაღლებს.

„პირველად ხდება, როდესაც იურიდიული მომსახურება რაგბის კავშირიდან გარეთ გადის და მოხარულები ვართ, რომ ეს კომპანია „მაკგილია“, სადაც მაღალი დონის იურისტები მუშაობენ. მათთან ბოლო რამდენიმე თვეა ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა პროდუქტიული აღმოჩნდა. ახლა მათთან გრძელვადიანი შეთანხმება გავაფორმეთ და „მაკგილი“ სრულად გადაიბარებს რაგბის კავშირის იურიდიულ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ რაგბის კავშირიდან გადის და ეს კომპანია მიხედავს სადისციპლინო, სააპელაციო  საკითხებს, რაც მოდავე მხარეებისთვის არაობიექტურობის განცდას გააქარწყლებს“ – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

კომპანიის მმართველი პარტნიორი რევაზ ბერიძე ამბობს, რომ „მაკგილი“ წლებია ქართულ სპორტთან თანამშრომლობს და საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა:

„წლებია რაგბის გულანთებული ქომაგები ვართ, ბოლო პერიოდში არცერთი მსოფლიო თასი არ გამოგვიტოვებია და ჩვენთთვის რაგბის კავშირთან თანამშრომლობა დიდი პატივია. სპორტში წლებია აქტიურად ვართ ჩართული. იურიდიულ მხარდაჭერას ვუწევთ ფეხბურთს, ფუტზალს, კალათბურთს. ვეხმარებით როგორც კლუბებს, ასევე უშუალოდ სპორტსმენებს და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კავშირთანაც შედგა. გარდა სრული იურიდიული მომსახურებისა, „მაკგილი“ გადაიბარებს რაგბის კავშირის სააპელაციო ინსტანციას, რაც ობიექტურობის ხარისხსს რაგბთან დაკავშირებული ყველა ადამიანისთვის აამაღლებს“.