„ტორპედომ“ პლეი აუტის პირველი მატჩი წააგო, „შუქურა“ ფრეს დასჯერდა

0
18

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა ქუთაისის „ტორპედომ“ პლეი აუტის პირველი შეხვედრა სტუმრად კრისტალბეთ ეროვნლი ლიგა 2-ში მე-3 ადგილზე გასულ მარტვილის „მერანთან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამარტული მატჩის მე-13 წუთზე კიჭი მელიავამ თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გაუკეთა მალელ შეიკნე სილას, რომელმაც ჯერ ბაქარ მირცხულავას გაასწრო, ხოლო საჯარიმოში შესულმა მათე აბულაძეს აჯობა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0. 21 წლის აფრიკელმა, რომელიც „მერანში“ მეორე სეზონს ატარებს, რეგულარულ ჩემპიონატში 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. ის გაგრელ თამაზ მაქაცარიასთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის თანაბომბარდირი გახდა.
34-ე წუთზე, პარტნიორის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი სილა კარიდან გამოსულმა ლევან შოვნაძემ წააქცია და მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი კიჭი მელიავამ შეასრულა, რომლის დარტყმული შოვნაძემ მოიგერია, მაგრამ მარტვილელთა კაპიტანმა თავად დაამატა და ანგარიში გაზარდა – 2:0.
შესვენების შემდეგ მეტი გოლი არ გასულა და ცოტნე მონიავას გაწვრთნილი მარტვილელები საპასუხო თამაშს გია ცეცაძის დამოძღვრილ „ტორპედოსთან“ 12 დეკემბერს ქუთაისში „რამაზ შენგელიაზე“ ჩაატარებენ.
პარალელურად ქობულეთში „ჩელე არენაზე“ ადგილობრივ „შუქურას“ და „გაგრას“ შორის ჩატარებულ მატჩში გოლები არ გასულა. აღსანიშნავია, რომ 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო, “გაგრას” მე-20 წუთზე გამოცდილი მცველი ლაშა თოთაძე გაუძევეს, რითაც მასპინძლებმა ვერ ისარგებლეს.
გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით ქობულეთელები 12 დეკემბერს თბილისს ესტუმრებიან საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გაგა კირკიტაძის „გაგრასთან“ ლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს გაარკვევენ.