„საბურთალომ“ თასი მეორედ მოიგო – კორღალიძის პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში

0
9

თბილისის „საბურთალომ“ დავით ყიფიანის სახელობის თასი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო. საბურთალოელებმა პირველად საპატიო ჯილდო 2019 წელს მოიპოვეს, როდესაც გორში გამართულ ფინალში გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის „ლოკომოტივი“ 3:1 დაამარცხეს. „საბურთალოს“ ამჟამინდელი თავკაცი ლევან კორღალიძე, მაშინ სწორედ „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი იყო. „საბურთალომ“ ფინალში ორჯერ ითამაშა და ამრიგად, ასპროცენტიანი შედეგი აქვს. თასზე გამარჯვებათა რაოდენობით „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ გაუტოლდა, თუმცა, რკინიგზელები ფინალში 3-ჯერ გავიდნენ. ამ გუნდებზე უკეთესი შედეგი თბილისის „დინამოს“ (13 გამარჯვება 15 ფინალში) და ქუთაისის „ტორპედოს“ აქვთ (4 გამარჯვება 5 ფინალში). თასის ფინალში ანგარიში 1:0 ყველაზე მეტჯერ 9-ჯერ დაფიქსირდა. სხვათა შორის, “საბურთალომ” 2 წლის წინაც თასი 8 დეკემბერს მოიგო, ხოლო
“სამგურალმა” ფინალში მესამედ ითამაშა და ვერცერთხელ მოიგო. წყალტუბოელები პირველად 1998-1999 წლების სეზონში ქუთაისის “ტორპედოსთან” პენალტების სერიაში 2:4 (ძირითადი დრო 0:0) დამარცხდნენ, ხოლო შარშან ასევე თერთმეტმეტრიანებით “გაგრასთან” 3:4 (ძირითადი დრო 0:0) წააგეს. სოსო ფრუიძის გაწვრთნილი გუნდები თასის ფინალში მესამედ დამარცხდნენ – “სამგურალამდე”, მან 3-ჯერ ფინალში საჩხერის “ჩიხურა” გაიყვანა და 2017 წელს ჯილდოც მოაგებინა.
საქართველოს თასის ფინალს პოლონელ არბიტრთა ბრიგადა პირველად მოემსახურა. მანამდე, თასისთვის გადამწყვეტი მატჩი უცხოელმა არბიტრებმა 2-ჯერ იმსაჯეს – პირველად თურქებმა, ხოლო შემდეგ გერმანელებმა. აღსანიშნავია, რომ თურქულ ბრიგადას ამჟამად ცნობილი არბიტრი ჯუნეთ ჩაქირი ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმსაჯა „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ შორის, რომელიც კატალონიელებმა 3:1 მოიგეს. გარდა ამისა, ჩაქირის ევრო-2012 ნახევარფინალი, ასევე მსოფლიო 2014 და 2018 წლების ჩემპიონატების ნახევარფინალები უმსაჯია.
ქუთაისმა საქართველოს თასის ფინალს მეორედ უმასპინძლა. პირველად “რამაზ შენგელიაზე” ფინალური შეხვედრა 2016 წლის 18 მაისს გაიმართა და თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” 1:0 აჯობა.
მატჩის საწყისი 40 წუთი თანაბარ ორთაბრძოლაში გაილია. გუნდები ცდილობდნენ შეეტიათ, მაგრამ კარში სახიფათო დარტყმამდე ან საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. 44-ე წუთზე, მარცხნიდან გიორგი ლაცაბიძის წყალტუბოელთა საჯარიმოში გადაცემის შემდეგ, ხელსაყრელა პოზიციაზე მოლდოველი ფორვარდი დმიტრი მანდრიჩენკო აღმოჩნდა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ფეხში ჯერ ლევან ქურდაძე მოხვდა, შემდეგ ზედა ძელს და მოედანი დატოვა.
65-ე წუთზე, ნიკა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი „სამგურალის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას საჰაერო ორთაბრძოლაში იური ტაბატაძე აჯობა და თავით ანგარიში გახსნა. მოგვიანებით გოლის ავტორმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
72-ე წუთზე თამაშში „სამგურალის“ გარემარბი გრიგოლ დოლიძე ჩაერთო, რომელმაც კარიერაში თასის ფინალში 10-ჯერ ითამაშა, რაც აბსოლუტური რეკორდია.
84-ე წუთზე, „საბურთალოს“ კონტრშეტევის დროს მანდრიჩენკოს გადაცემის მერე გიორგი გულიაშვილი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა – წყალტუბოელები გოლის გაშვებას მაქსიმე ქვილითაიამ გადაარჩინა, რომელმაც ბურთი მოიგერია.
საპასუხო შეტევისას დავით კირკიტაძემ მარცხნიდან ბურთი თბილისელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ლაცაბიძე შეცდა და გრიგოლ დოლიძეს ახლო მანძილიდან კარიდან დროულად გამოსულმა ოთო გოშაძემ არ გაატანინა.
საბოლოოდ, “საბურთალომ” გაიმარჯვა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
საბურთალოელებს კუთვნილი თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.
„სამგურალი“ (წყალტუბო) – „საბურთალო“ (თბილისი) 0:1 (0:0)
8 დეკემბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
„სამგურალი“:
ქვილითაია, პატარკაციშვილი, გილმორი (ჩიხლაძე, 72), ბურჯანაძე, კიკაბიძე (კ). კუხიანიძე, კალანდარიშვილი, ფონიავა (ბუხაიძე, 80), ვერულიძე (დოლიძე, 72), ქურდაძე, ლექვთაძე (დათო კირკიტაძე, 72) .
მთავარი მწვრთნელი:
სოსო ფრუიძე
„საბურთალო“: გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), შოთა ნონიკაშვილი, ტაბატაძე (შულაია, 81), ძებნიაური, გულიაშვილი, გოჩოლეიშვილი (ლევან ნონიკაშვილი, 76), მანდრიჩენკო.
მთავარი მწვრთნელი:
ლევან კორღალიძე.
გოლები: 0:1 ტაბატაძე (65)
გაფრთხილება:
შოთა ნონიკაშვილი (16), გილმორი (64), მანდრიჩენკო (90+2), ძებნიაური (90+6).
მთავარი მსაჯი:
 ი.პშიბილი (პოლონეთი)