U17 | ელიტ რაუნდს შოტლანდია უმასპინძლებს – მომდევნო შესარჩევს საქართველო

0
53

ევრო 2022 | ელიტ რაუნდი

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევრო 2022-ის ელიტ რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე – შოტლანდიას, ჩეხეთს და გერმანიას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის გაზაფხულზე, 21-29 მარტს გაიმართება. ელიტ რაუნდის შეხვედრებს შოტლანდია უმასპინძლებს. მატჩების განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელებმა, 22-28 ოქტომბერს, უნგრეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, მეორე ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, ისრაელში 16 მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება და მასში 16 ნაკრები იასპარეზებს. ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ისრაელის გარდა, ელიტ რაუნდის 8 ჯგუფებში გამარჯვებულები და 7 საუკეთესო შედეგის მეორეადგილოსნები მოხვდებიან.

ევრო 2023 | საკვალიფიკაციო რაუნდი

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 19-წლამდელთა შემდეგ, 2023 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც, საქართველოს 17 წლამდე ეროვნული გუნდის მეტოქეები გამოვლინდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდში – ინგლისი, ისრაელი და ლიეტუვა დაუპირისპირდებიან.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.