მთავარი ნიუსი გურამ გოშთელიანი:”როგორც ლეგიონერმა “პირინში” ბევრი უსამართლობა ვნახე”

გურამ გოშთელიანი:”როგორც ლეგიონერმა “პირინში” ბევრი უსამართლობა ვნახე”

0
25

გურამ გოშთელიანმა ბულგარეთის უმაღლესი დივიზიონში მოასპარეზე “პირინი” დატოვა. 24 წლის თავდამსხმელმა ამის შესახებ თავისი ყოფილი კლუბის თბილისის “საბურთალოს” ვებგვერდთან ისაუბრა.
რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ “პირინს” დაემშვიდობეთ. რა გახდა ამის მიზეზი?
– რამდენიმე მიზეზი იყო, ასე დეტალებში არ შევალ. თუმცა, ვიტყვი, რომ, როგორც ლეგიონერი, ბევრი უსამართლობა ვნახე. რასაც ჩემი გარჯიდან ვიმსახურებდი, იმის ნახევარსაც არ ვიღებდი, საუბარი მაქვს სათამაშო დროზე. იყო დრო, როდესაც ტრავმა ახალი მოშუშებული მქონდა, არ ვიყავი სასურველ სპორტულ ფორმაში და არც გამოვთქვავდი პრეტენზიას, თუმცა ბოლო დროს კარგ ფორმაში ვიყავი და მეტ ნდობას ვიმსახურებდი. თუმცა არაუშავს, ჯერ ისეთ ასაკში ვარ, რომ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში, ვიპოვი ჩემს გზას.
– შარშან, პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადახვედით. როგორ გაიხსენებთ იმ დროს?
– საერთო ჯამში არ იყო ცუდი, დიდი გამოცდილება მივიღე. ძალიან მაღალი დონის კლუბები არიან “ლუდოგორეცი” და სოფიის ცსკა, მათ წინააღმდეგ თამაში არაა პატარა ამბავი. გოლებიც გამქონდა და გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის გუნდის აღზევებაში.
– რა სტილისაა ბულგარეთის ჩემპიონატი?
– ძალისმიერ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, არაა იოლი იქ თამაში. როგორც ავღნიშნე, მაღალი დონის გუნდია “ლუდოგორეცი”, წლებია ჩემპიონი ხდება. ძირითადად ლეგიონერებით დაკომპლექტებული კლუბია, სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე.
– საქართველოს თასის ნახევარფინალურ მატჩზე სტადიონზე იყავით, როდესაც “საბურთალომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა. როგორი იყო ტრიბუნიდან დანახული მატჩი?
– თითქმის ყველა თამაშს ვადევნებ თვალს, მომწონს რამდენიმე გუნდის თამაში. სასიამოვნოა, რომ ჩვენს პირველობაზე რამდენიმე ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. ასევე, კარგი ფაქტია, რაც ბათუმში ხდება. ვისარგებლებ შემთხვევით და ბათუმის “დინამოს”, ჩემს მეგობრებს, რომლებიც “საბურთალოში” თამაშობდნენ, ვულოცავ ჩემპიონობას. რაც შეეხება მატჩს – საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო. გაიმარჯვა იმან ვინც უკეთესი იყო. ვულოცავ “საბურთალოს” ფინალში გასვლას! მჯერა ამ გუნდის წარმატების.
– თასის მატჩი ახსენეთ – როგორია თქვენი მოლოდინი ფინალის წინ?
– ბოლო წლებს თვალი რომ გადავავლოთ, ვნახავთ, რომ “საბურთალო” მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყოველწლიურად რომელიმე ტიტულს იგებს. ფეხბურთელებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. სიმართლე გითხრათ, “საბურთალოს” ფინალში გასვლა არც გამკვირვებია. ყოველწლიურად გუნდი კარგ შევსებას იღებს აკადემიიდან, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ აკადემია კარგად მუშაობს. დარწმუნებული ვარ “საბურთალოს” გამარჯვებაში. მინდა, რომ გუნდმა მეორედ მოიგოს დავით ყიფიანის თასი.
– 1996-1997-1998 წლიანების თაობამ ისტორია უკვე დაწერეთ, როდესაც ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა ქართული ტიტული მოიგეთ. იმ შემადგენლობიდან, ახლა ზოგი სხვა კლუბში, დანარჩენიც ევროპაში ასპარეზობს. მეგობრებს ხომ არ გაქვთ-ხოლმე საუბარი, რომ ერთ მშვენიერ დღესაც კვლავ ერთ კლუბში ითამაშოთ? იქ სადაც თქვენი საფეხბურთო კარიერა დაიწყო…
– გამორიცხული არაფერია, რა თქმა უნდა შესაძლებელია. ჩვენ, ამ საკითხზე ბავშობაშიც ხშირად გვისაუბრია და მერეც, როდესაც წლები მოგვემატა. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა ამის დიდი ალბათობაა.
– და ბოლოს – როგორია თქვენი მომავალი გეგმები?
– გარკვეულ წინადადებებს განვიხილავ ევროპიდან. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ “სახლში” დავბრუნდე.