“შავი ლომი” სუპერთასზე შინ პენზის “ლოკომოტივთან” დამარცხდა

0
23

‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – 19:16.‘ლოკომოტივი-პენზას’ სასტარტო შემადგენლობაში ტარიელ დონაძემ, ილია სპანდერაშვილმა, რეზი ბროძელმა და ნიკა ცირეკიძემ ითამაშეს, გიორგი ჭყოიძე კი შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა.
„ავჭალაზე“ გამართულ შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო. ‘შავი ლომი’ ცდილობდა, როგორც კი ბურთს მოიხელთებდა ხელდახელ შეეტია და პირველ ტაიმში ეს რამდენჯერმე კარგად გამოვიდა. აქტიურობდა ლაშა ხმალაძე, რომელიც ზურგს საიმედოდ ამაგრებდა, ფეხით გადაკიდების შემდეგ მუდამ პოულობდა შესატევ სივრცეს და თამაშს ამწვავებდა. ყველა ამ წამოწყებას თითქოს კარგი გარძელება უნდა ჰქონოდა, თუმცა საბოლოოდ შეტევის ტემპი, ან ბურთი იკარგებოდა…

ანგარიში სწორედ კაპიტნის ერთ-ერთ ასეთ გარღვევას მოყვა, რომელიც დემე თაფლაძემ გააგრძელა, ამას ჯარიმა და მოლი მოყვა, მერე ისევ ჯარიმა და გიორგი ბაბუნაშვილმა კარის წინიდან გაიტანა. სერგეი იანუშკინმა ჯარიმითვე მალე გვიპასუხა, მერე გვერდითმა მსაჯმა იოსებ გუშარაშვილზე წესების დარღვევა შენიშნა, მსაჯმა ბურთი ჩამოგვართვა და დამნაშავეს ყვითელი ბარათი აჩვენა. ამას ცენტრში დაჯარიმება მოყვა და სტუმრები 3 ქულით დაწინაურდნენ.
კაცნაკლულმა ‘შავმა ლომმა’ ჯარიმით წონასწორობის აღდგენაზე უარი თქვა, მე-19 წუთზე შეტევა ჯერ მარჯვნივ გაიშალა, მერე მარცხნივ და გრძელი პასის შემდეგ სანდრო თოდუამ მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა ბაბუნაშვილმა ჯარიმით მორიგი 3 ქულა მოინაგრა. იანუშკინს საპასუხო შორეული დარტყმა გაუცუდდა, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ ტაიმის ბოლოს მოლით შეგვიტია და ტარიელ დონაძემ წონასწორობა აღადგინა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 11:11.

მეორე ტაიმში ჩვენი მხრიდან შეცდომებმა და ტექნიკურმა წუნმა იმატა. მანამდე, დებიუტში, მოლის შემდეგ ლაშა ჯაიანმა შეუტია და ოფლოუდით ლელოში ბურთი თენგიზ პერანიძეს შეაყოლა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და 52-ე წუთზე სტუმრებმა ალამთან გატანილი ლელოთი წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგიანეს. რადგან 70-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, რევაზ ბროძელმა გასატანი ჯარიმით 3 ქულა აიღო და სტუმრები წინ გაიყვანა.
მასპინძლებმა დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარეს და მეტოქე ვიკტორ გრესევის სინბინის შემდეგ კაცნაკლული დარჩა. ‘შავი ლომი’ მეტოქის 22-ში იყო, მაგრამ ბურთი აუტში ვერ გადავიტანეთ, მერე მსაჯმა ლუკა ივანიშვილის ლელო წინპასის მიზეზით გააუქმა, ვერც ბოლო შეტევას მოყვა შედეგი და საბოლოოდ ‘შავი ლომი’ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა.‘შავ ლომს’ 3 თამაშის შემდეგ 11 საცხრილო ქულა აქვს და ‘ენისეის’ გაუტოლდა, რომელსაც 11 დეკემბერს, 17 საათზე „ავჭალაზე“ უმასპინძლებს.

აღმოსავლეთ კონფერენცია
V რაუნდი. 4 დეკემბერი
თბილისი. ავჭალა. 1000 მაყურებელი
შავი ლომი (საქართველო) – ლოკომოტივ-პენზა (რუსეთი) 16:19

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

2 ლელო: თოდუა, პერანიძე

2 ჯარიმა: გ.ბაბუნაშვილი

სინბინი: გუშარაშვილი