„საბურთალომ“ ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა, „თელავმა“ ბოლო შეხვედრა შემოატრიალა

0
30

თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა თავის მოედანზე „სამტრედიას“ განადგურებით და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილის დაკავებით დაასრულა. მატჩის მე-15 წუთზე შოთა ნონიკაშვილი ერთ მეტოქეს გასცდა და სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან მოკლე მანძილზე „კედელი“ მოლდოველ დმიტრი მანდრიჩენკოსთან გაითამაშა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 1:0. 30-ე წუთზე, მანდრიჩენკომ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, რომელსაც გიორგი არაბიძე დაეუფლა და თითქმის მასპინძელთა საჯარიმოს ხაზიდან მარჯვენა ფეხით გაიტანა – 1:1. 51-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა თავისი ნახევრიდან პასი მოედნის ცენტრში მყოფ გიორგი გულიაშვილს მისცა, რომელმაც ბურთიანად მეტოქის საჯარიმომდე ირბინა, ორ მცველს გაუმკლავდა და მასპინძლები დააწინაურა – 2:1. 54-ე წუთზე შეტევაში ჩარლმა ნიკა მალიმ დაახლოებით 23 მეტრიდან დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა – 3:1. 67-წუთზე გიორგი ლაცაბიძემ გადაცემა არ დაუგვიანა სამტრედიელთა საჯარიმოში გახსნილ ლევან ნონიკაშვილს, რომელმაც სტუმართა კარი მეოთხედ აიღო. მე-80 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა „სამტრედიას“ საჯარიმოს მისადგომებთან ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი და მეორეთი ლამაზი გოლი მიითვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა.
ლევან კორღალიძის გუნდს სეზონის უმთავრესი დაპირისპირება 8 დეკემბერს ელოდება, როდესაც დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისში „რამაზ შენგელიაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.
ქუთაისის „ტორპედომ“ 36-ე ტურში „სამგურალი“ მიიღო და 4:1 აჯობა. 28-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ვაჟა ტაბატაძის ჩაწოდების შემდეგ წყალტუბოელთა საჯარიმოში მყოფმა პალესტინელმა ფადი ზიდანმა თავით გაიტანა – 1:0. 31-ე წუთზე მათე ცინცაძემ მოედნის ცენტრიდან კარგი პასით სტუმართა მეკარეს ალჟირელი მეჰდი ბუკასი შეატოვა, რომელმაც ქუთაისელები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. ტაიმის მიწურულს ზიდანმა ბურთი „სამგურალის“ საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და ზუსტად დაარტყა – 3:0. 62-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან გრიგოლ დოლიძის გადაცემის მერე, ბაქარ მირცხულავამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა. 69-ე წუთზე „სამგურალის“ საჯარიმოში მყოფმა თორნიკე ახვლედიანმა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ლევან წოწონავას გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 4:1.
სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა „სამგურალმა“ 41 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიცია დაიკავა. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით „ტორპედო“ პლეი-აუტში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-3 ადგილზე გასულ მარტვილის „მერანს“ შეხვდება – პირველი თამაში 8 დეკემბერს მარტვილში „მურთაზ ხურცილავაზე“ ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 12 დეკემბერს ქუთაისში.
გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „თელავმა“ ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და მსიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წააგო, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა. 27-ე წუთზე, უკრაინელი ლეგიონერის ივან სპიჩკას გადაცემის შემდეგ გია აფხაზავა მოწინაამღდეგის საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა – 0:1. 82-ე წუთზე, ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და ბურთი მეკარისგან მარჯვენა „ცხრიანში“ მოათავსა. 87-ე წუთზე, რატი არდაზიშვილს დარტყმის შემდეგ, „შუქურას“ მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ კარის ახლოს მყოფმა ირაკლი რუხაძემ ზუსტად დაამატა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ერთმანეთს თელაველი მირიან ჯიქია და ქობულეთელი საბა ჭინჭარაძე წაეკიდნენ, რომელთა კონფლიქტში ორივ გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ, ხოლო მათი დაშოშმინება სამწვრთნელო შტაბის წევრებს მოუწიათ. მსაჯმა მოედნიდან ჯიქია და ჭინჭარაძე გააძევა. „თელავმა“ 44 ქულით ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო „შუქურა“ პლეი-აუტში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე გასულ „გაგრას“ შეხვდება.
გიორგი შაშიაშვილის შეგირდები პირველ თამაშს 8 დეკემბერს შინ „ჩელე არენაზე“ ჩაატარებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა 12 დეკემბერს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება.