სანდრო მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

0
21

ნბა-ს განვითარების ლიგის გუნდ “ვისკონსინ ჰერდში“ ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა და „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ქართველმა ფორვარდმა ბრწყინვალედ ჩაატარა, მისი გუნდი კი 93-97 დამარცხდა.
იანის ადეტოკუმბომ ტრავმის გამო ეს შეხვედრა გამოტოვა, შესაბამისად მამუკელაშვილს ძირითად გუნდში სათამაშო დრო მიეცა. მან 22:40 წუთი ითამაშა და ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან. სანდრომ 8 ქულა, 10 მოხსნისა (6 შეტევაში) და ერთი პასის დაგროვება შეძლო. 22 წლის კალათბურთელმა შვიდიდან 4 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრის ხაზიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.
რაც შეეხება შეხვედრას, „რეპტორსმა“ დიდ შესვენებამდე 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად ვისკონსინელების თამაშის შემოტრიალების მცდელობისა, გასული სეზონის ჩემპიონს მაინც მოუგო. კანადური გუნდის მხრიდან საუკეთესო ფრედ ვანვლიტი იყო, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. იანისის არყოფნაში ლიდერობა თავის თავზე ჯრუ ჰოლიდეიმ აიღო – მის ანგარიშზე 26 ქულაა. კრის მიდლტონმა 22 ქულა მიითვალა, ბობი პორტისმა კი 15 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.