რონალდუს 801 გოლი, კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდა

0
4

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის დასკვნით შეხვედრაში „მანესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო და 3:2 გაიმარჯვა. მანჩესტერელებმა 2018 წლის შემდეგ ჩემპიონატში „მეთოფეები“ პირველად დაამარცხეს. მაშინ, „იუნაიტედმა“ 2:1 მოიგო. მას მერე სამ მატჩში „არსენალმა“ გაიმარჯვა, ხოლო ამდენივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. განვლილი დაპირისპირების მე-13 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში სტივ როუვიმ გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე საპასუხო ბურთი ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანა. 52-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ მასპინძლები დააწინაურა. 54-ე წუთზე ოდეგორმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. 70-ე წუთზე რონალდუმ პენალტიდან დუბლი შეასრულა და კარიერაში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ჩატარებულ ყველა ტურნირში 801 გოლი მიითვალა.
პორტუგალიელმა კარიერაში პროფესიონალურ დონეზე 1095 მატჩი ჩაატარა – 911 (686) საკლუბო დონეზე, ხოლო 184 (115 გოლი) სანაკრებოზე. მან „იუნაიტედში“ თავის ანგარიშზე 130 ბურთი ჩაიწერა. რონალდუმ ამ სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში მეტოქეები 12-ჯერ დაამწუხრა – 6-ჯერ პრემიერ ლიგაში და ამდენჯერვე ჩემპიონთა ლიგაში. „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ „მანჩესტერიდან“ მაიკლ კერიკი წავიდა, რომელმაც კლუბში 15 წელიწადი გაატარა. ის ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვების მერე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. კერიკი ახალი თავკაცი რალფ რანგნიკის სამწვრთნელო შტაბში არ იქნება. მან 2006-2018 წლებში „მანჩესტერის“ მაისურით ყველა ტურნირში 464-ჯერ ითამაშა და 24 გოლი გაიტანა. კერიკმა ინგლისის პრემიერ ლიგა 5-ჯერ მოიგო, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა. კარიერს დასრულების შემდეგ, „იუნაიტედში“ ჯერ ჟოზე მოურინიოს ასისტენტი იყო, შემდეგ კი სოლსკიაერის.