ჯანო ანანიძე:”არც კლუბისგან და არც “დინამოს” მთავარი მწვრთნელისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი”

0
16

თბილისის „დინამომ“ ჯანო ანანიძე გაუშვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და არ დამალა, რომ კლუბის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. „საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის მეთქვა “დინამოდან” წამოსვლის მიზეზისა და იმ ფორმის შესახებ, როგორც მოხდა ჩვენი განშორება. საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, “დინამოდან” ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება გახდა.
ეს არის მცდარი ინფორმაცია და ჩემმა გულშემატკივარმა მინდა სიმართლე იცოდეს. ამიტომ, მსურს გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირადი საუბრისას. ჩემთვის გასაკვირი იყო ისიც, რომ დამირეკა “დინამოს” ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც მრავალი წელია ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ვიცნობ.
გულწრფელად ვიტყვი, გული დამწყდა იმაზე, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე დიდ პატივს ვცემდი, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას. მიმაჩნია, რომ არც კლუბისგან და არც “დინამოს” მთავარი მწვრთნელისგან არ ვიმსახურებდი ასეთ დამოკიდებულებას, რადგან მის ნათქვამს ჩემთვის გაცილებით მეტი წონა ექნებოდა და გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე კლუბის ნებისმიერ სხვა ხელმძღვანელისას. კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ჩემი ტრავმის გამო ვერ გარისკავდა ჩემთან შემდგომ თანამშრომლობას. არადა, საქმე ისაა, რომ ოპერაციისა და პანდემიისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ასე კარგად თავი არასდროს მიგრძნია და სწორედ ამიტომ “დინამოს” მიმართ ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ შეკრებაზე ჩემივე ხარჯით წავსულიყავი, სადაც საწვრთნელ პროცესში ყველაფერს ჩავდებდი.
თუ ამის შემდეგ არ შემექმნებოდა მუხლის ან რაიმე სხვა ტრავმით გამოწვეული პრობლემა და შესაბამისად დავიბრუნებდი ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, მაშინ ვისაუბრებდით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობაზე. თუმცა, სატელეფონო საუბარში სულ სხვა პასუხი მივიღე. ასე რომ, საქმე ფინანსებს საერთოდ არ ეხება და ნურავინ შეეცდება მიზეზი მატერიალურ მხარეში ეძიოს. ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბების ხელმძღვანელების და მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად ნამდვილად არ გამოირჩევა საფეხბურთო ცოდნით, გემოვნებით და მენეჯერული თვისებებით, ფეხბურთელისადმი ასეთი დამოკიდებულებით ვერც რომელიმე კლუბს და მითუმეტეს ვერც ქართულ ფეხბურთს განავითარებს.
სამწუხაროა, რომ ქართული კლუბების მენეჯმენტში ასეთი რეალობაა. რეალობა, რომელზეც ნათლად მეტყველებს შედეგები. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან როცა ვსაუბრობთ განვითარებაზე, ამ განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს. ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება”- დაწერა ანანიძემ. ანანიძე „დინამოს“ 29 აპრილს შეუერთდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარა, როდესაც შეცვლაზე შევიდა. თუმცა, 28 წლის ფეხბურთელი იმ შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მედანზე აღარ გასულა. ანანიძეს მუხლზე ართროსკოლიული ჩარევა დასჭირდა და 4 თვის შემდეგ წვრთნას შეუდგა.