„ლივერპულმა“ დერბიში „ევერტონს“ შანსი არ დაუტოვა – კლოპის გუნდის ორი რეკორდი

0
14

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში გამართულ მერსისაიდულ დერბიში „ლივერპულმა“ სტუმრად „ევერტონი“ 4:1 დაამარცხა. მატჩის მე-9 ტურში ანგარიში ჰენდერსონმა გახსნა, ხოლო მე-19 წუთზე სტუმრები მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა. 38-ე წუთზე გრეიმ ერთი ბურთი გაქვითა, 64-ეზე კი სალაჰმა დუბლი შეასრულა. შეხვედრის ბოლო გოლი 79-ე წუთზე დიოგო ჟოტამ გაიტანა. პრემიერ ლიგის ბოლო 12 მატჩში სალაჰმა 12 გოლი მიითვალა და 6 საგოლე პასი გააკეთა. სულ მან მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში მეტოქეები 13-ჯერ დაამწუხრა და შედეგიანი პასი 8-ჯერ გააკეთა. ჟოტამ „ლივერპულის“ მაისურით ჩატარებულ 4 თამაშში 3-ჯერ გაიტანა. საერთო ჯამში მის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში გამართულ 12 შეხვედრაში 8 ბურთია. ინგლისის ჩემპიონატში „ლივერპულმა“ „ევერტონს“ 4 ან მეტი გოლი 3-ჯერ გაუტანა. მანამდე, ეს 1907 წლის ოქტომბერში (4:2) და 1982 წლის ნოემბერში (5:0) მოხდა. იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 3 თამაში მოიგო – 12 გოლი გაიტანა და 1 გაუშვა. ჰენდერსონი 2005 წლის შემდეგ “ლივერპულის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დერბიში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მაშინ, ეს მერსისაიდელთა ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა გააკეთა. “ლივერპულს” ზედიზედ 18 მატჩში ინგლისის ჩემპიონატში ორ გოლზე ნაკლები არ გაუტანია და “სანდერლენდის” მიერ 1926-1927 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. გარდა ამისა, “ლივერპულმა” სტუმრად ზედიზედ ჩატარებულ 14 შეხვედრაში ორ ბურთზე ნაკლები არ გაიტანა და “პრესტონის” მიერ 1888-1889 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი მოხსნა.