მასკერანო არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის

0
50

ხავიერ მასკერანო არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაიკავებს. არგენტინის ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ფერნანდო ბატისტას შეცვლის, რომელიც ვენესულას ნაკრების ახალი თავკაცის ხოსე პეკერმანის შტაბში იმუშავებს. 37 წლის მასკერანომ ფეხბურთელის კარიერა 2020 წელს დასრულა და მანამდე მწვრთნელად არ უმუშავია. ის „რივერ პლეიტში“, „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „ლივერპულში“, „ბარსელონაში“, „ჰებეი ჩაინა ფორჩუნში“ და „ესტუდიანტესში“ გამოდიოდა. მასკერანო არგენტინისა და ბრაზილიის ჩემპიონია, ხოლო ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ მოიგო. მან ორ-ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგაში და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გაიმარჯვა. არგენტინის ნაკრებთან ერთად მასკერანო ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან ითამაშა და 0:1 დამარცხდა. გარდა ამისა, მასკერანომ არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო პირველობის ოქროს მედლები მოიგო.