პირველი ქართველი მსაჯი დუბაის 7-კაცას საერთაშორისო ტურნირზე

0
47

სულხან ჩიხლაძე პირველი ქართველი რეფერია, რომელიც დუბაის 7-კაცას საერთაშორისო ტურნირზე იმსაჯებს.

ის 2-4 დეკემბერს წვეული გუნდების საერთაშორისო ტურნირს – International invitation Man მოემსახურება, სადაც საქართველოს 7-კაცაც ითამაშებს.

ჩიხლაძე რაგბი ევროპის 7-კაცა ტურნირებში წელს გამოჩნდა და როგორც თამაშის მართვის, ასევე ფიზიკური მონაცემების წყალობით, სწრაფად იწყო აღმასვლა. მან ჯერ ზაგრებში რაგბი ევროპის „ალაფაზე“, მერე კი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმსაჯა, მათ შორის ფინალში და ორივე შემთხვევაში მაღალი შეფასებები დაიმსახურა:

„საერთაშორისო დონეზე 7-კაცას მსაჯობა ახალი დაწყებული მაქვს და ორივე ტურნირიდან კარგი შეფასება მივიღე. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიზანი ფინალური შეხვედრის მსაჯობა იყო და ეს ამოცანა წარმატებით გადავჭერი. ჩემი მიდგომებით ყველა კმაყოფილი დარჩა და რაგბი ევროპისგან 7-კაცა ტურნირებში ახალ, უფრო მაღალი დონის გამოწვევებს ველი. ყველა წინაპირობაა იმისა, რომ გაისად რაგბი ევროპისგან ახალი დანიშვნები მექნება“ – იმედიანადაა სულხან ჩიხლაძე, რომელმაც რაგბი ევროპისგან არა, მაგრამ უფრო მაღალი დონის 7-კაცა ტურნირისგან უკვე მიიღო მიწვევა:

„გახარებული და ბედნიერი ვარ, რადგან დუბაიში წინამორბედებზე უფრო წარმომადგენლობითი, ძლიერი ტურნირი მელოდება მაღალი დონის შემსრულებლებითა და გუნდებით. ვეცდები ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო და სამომავლოდ გვერდზე მოედანზე, მსოფლიო სერიებზე მივიღო დანიშნვა, რაც ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს და პირადად ბაჩო ხურციძეს, რომლის დამსახურებითაც ამ ტურნირზე მოვხვდი. ასევე მადლობა ჩვენს მენტორ დევიდ მაკქიუს, რომელიც მუდამ მხარში გვიდგას, ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე და ცდილობს სულ მაღალ დონეზე ვიყოთ“.

რადგან სულხან ჩიხლაძე პირველი ქართველია, რომელიც დუბაის ტურნირზე იმსაჯებს, ის თან წაიღებს საქართველოს დროშას და მსაჯის კვართს და ისინი სპეციალურად განკუთვნილ კუთხეში საპატიო ადგილს დაიკავებენ.