ესპანეთთან დავმარცხდით…

0
9

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე შეხვედრა ესპანეთში, პლანეტის მოქმედ ჩემპიონთან დათმო. ტურნირის სადებიუტო მატჩში უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებსა და მის ქომაგს ესპანეთში წარმატების იმედი გაუჩნდა, რომელიც გუნდის კაპიტნისა და ლიდერის, თორნიკე შენგელიას ტრავმამაც ვერ გაანელა. ესპანეთთან მატჩში ჩვენს ნაკრებს არ აკლდა შემართება, მაგრამ კლასში უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა, რაც საბოლოო ანგარიშში აისახა.
არავინ იცის, წააგებდა თუ არა საქართველო, თორნიკე შენგელიას რომ ეთამაშა, თუმცა ფაქტია, კარგად დაწყებული მატჩის სადავეები ქართველებმა ვერ შეინარჩუნეს და მეორე პერიოდიდან მეტოქეს უიმედოდ ჩამორჩნენ. ჩვენი ნაკრების ბერძენმა თავკაცმა, ილიას ზუროსმა მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზა, როცა სასტარტო ხუთეულში გუნდის 21 წლის დებიუტანტი, ლუკა მაზიაშვილი დააყენა. ეფექტი ის იყო, რომ სანამ მასპინძლები თამაშს დაალაგებდნენ, საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე დაწინაურდა. გიორგი შერმადინის, თად მაკფადენისა და ბექა ბურჯანაძის შედეგიანობით ქართველები ჯერ 8:5, შემდეგ კი 12:9 იგებდნენ. პირველი პერიოდის შუაში ხაიმე ფერნანდესმა სამქულიანით ანგარიში რომ გაათანაბრა (12:12), მას შემდეგ ესპანელები აღარ ჩამორჩენილან.
მასპინძლებმა დაიწყეს ლიდერობის ზრდა, რასაც ზუროსმა ჩვენი გუნდის ხშირი როტაცია დაუპირისპირა. შეცვლაზე შემოსულმა კალათბურთელებმა მეტოქის მოძალება ვერ შეაჩერეს. ესპანელებს ზურგს ხაენის “ოლივო არენა” უმაგრებდა, რომელიც პირამდე სავსე და ემოციებით დამუხტული იყო. პირველი პერიოდი ესპანელებმა 23:15 მოიგეს, თუმცა აკრეფილი სისწრაფე და შედეგიანობა მეორეში გააგრძელეს და დიდ შესვენებაზე 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
ესპანელებმა იცოდნენ, რომ რეალურად საფრთხე საქართველოს ნაკრების 3 კალათბურთელიდან უნდა წამოსულიყო. პერიმეტრზე გაქანების საშუალება არ მისცეს თად მაკფადენს, რომელსაც ძალიან ხისტად ეთამაშებოდნენ, თუმცა მსაჯები მასპინძელთა “ბინძური” თამაშის მიმართ ლოიალურები იყვნენ. გიორგი შერმადინსაც არ აკლდა დაცვისგან ხისტობა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის მოქმედი MVP ასეთ მეტოქეებთან თამაშს მეტადაა ნაჩვევი და ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულიც გამოდიოდა. ძალიან ბევრს “ჭიდაობდა” ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ქართველ სათადარიგოებში ამყოლი არ გამოუჩნდა. როცა მეტოქემ საქართველოს ნაკრების ლიდერები შეზღუდა, ლიდერობის გაზრდა და მისი შენარჩუნება არ გასჭირვებია.
მესამე პერიოდში ესპანელთა ლიდერობამ 30 ქულას გადააჭარბა და ზუროსის ნაკრების წარმატების იმედი საბოლოოდ განელდა. მიზანი ის გახლდათ, რომ საქართველოს განსაკუთრებულად დიდი სხვაობით არ წაეგო და შეხვედრა ღირსეულად ჩაემთავრებინა. ეს მიზანი ჩვენებმა შეასრულეს. მეტოქე დათმობას არ აპირებდა, მაგრამ ეროვნული ნაკრების ახალმა სახეებმა მეტოქესთან პაექრობას ალღო კარგად აუღეს. ოთარ ფხაკაძემ ბურთზე საიმედო კონტროლი დააწესა და ესპანეთის ნახევარზე საიმედოდ გადადიოდა, სადაც პასებით თანაგუნდელებს ამარაგებდა, ერთხელ კი თავადაც ჩააგდო. კახა ჯინჭარაძემ კი მიუხედავად 2 ხელსაყრელი პოზიციიდან აცილებისა, თავი 8 ქულას მოუყარა და ეროვნულ ნაკრებში მისი არცთუ ისე დიდი კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 28 წუთში 21 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 14-14 ქულა მიითვალეს ბექა ბურჯანაძემ და თად მაკფადენმა, რომელიც ერთადერთი კალათბურთელი იყო ჩვენს ნაკრებში, სამქულიანი რომ ჩააგდო. ამერიკელმა ლეგიონერმა 10 ცდიდან 4 შორეული სროლა გამოიყენა. 8 ქულა ჯინჭარაძის ანგარიშზეა, ხოლო 2-2 ქულა ოთარ ფხაკაძემ და გიორგი ტურძილაძემ მიითვალეს. ჩვენი ნაკრები საბოლოოდ 61:89 დამარცხდა და ჩვენს ჯგუფში 3 გუნდს – ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს თითო მოგებ-წაგება დაუგროვდა. უკრაინელებმა მეორე ტურის მატჩში კიევში ჩრდილოეთ მაკედონია 78:61 დაამარცხეს. სწორედ ჩრდილომაკედონიელები იქნებიან ჩვენი მომდევნო მეტოქეები. თებერვალში ბალკანეთის ამ ქვეყნის ნაკრებს ორჯერ – თბილისსა და სკოპიეში დავუპირისპირდებით.

მატჩის შემდეგ ფიბა-ს ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი 3 წინადადებით შემოიფარგლა: „ვულოცავ გამარჯვებას ესპანეთის ნაკრებს. დიდებული ატმოსფერო იყო. ლამაზი სანახავი იყო დარბაზი. ეს არის და ეს“.
ბექა ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა მეტოქის დადებით მხარეს: „ესპანეთის ნაკრები კარგად დაბალანსებული გუნდია, ყველა რგოლში მაღალი ხარისხის კალათბურთელები ჰყავს. კარგად დავიწყეთ, ვიბრძოლეთ, თუმცა ერთ მომენტში მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო, და დიდი მცდელობის მიუხედავად თამაშის შემოტრიალება ვერ შევძელით“.