ხავიმ სტუმრად პირველად მოიგო – ემერის კარიერული ანტირეკორდი

0
19

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ვილიარეალს“ შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა.

ხავის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კატალონიელებმა სტუმრად პირველად ითამაშეს და „ვილიარეალთან“ წაუგებელი სერია გაახანგრძლივეს.

აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ 2008 წლის შემდეგ ზედიზედ 25 მატჩი არ წაუგიათ – 19 გამარჯვება და 6 ფრე.

შეხვედრის დასაწყისში  სტუმართა მცველ ხერარდ პიკეს თავის საჯარიმოში ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამ ფაქტმა „ვილიარეალის“ ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 48-ე წუთზე ანგარიში ფრენკი დე იონგმა გახსნა.

76-ე წუთზე ჩუკვუეზემ საპასუხო ბურთი გაიტანა. 88-ე წუთზე მასპინძლების კარი მემფი დეპაიმ აიღო, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ ოთხ თამაშში გაიტანა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ფილიპე კოუტინიომ პენალტი გამოიყენა.

მსაჯობით უკმაყოფილო ემერიმ თამაშის შემდეგ „ბარსელონას“ სათადარიგოთა სკამზე მსხდომთ მიმართა: “როგორც ყოველთვის ისინი ყველაფერს თქვენ გაძლევენ, ყველაფერს თქვენ გჩუქნიან“.

ემერიმ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „ბარსელონასთან“ ჩატარებული 28 მატჩიდან 20 წააგო, 6 ფრედ დაასრულა და 2 მოიგო.

ის არცერთ სხვა გუნდთან ამდენჯერ არ დამარცხებულა. „ბარსელონას“ შემდეგ ემეის გაწვრთნილი გუნდები ყველაზე მეტად „რეალთან“ დამარცხდნენ – 17-ჯერ.

ესპანური მედიის ცნობით, გასახდელებისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს „ვილიარელის“ ანალიტიკოსი და „ბარსას“ მეკარეების მწვრთნელი ხოსე რამონ დე ლა ფუენტე დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთმანეთის გვერდით მიდიოდნენ „ბარსელონას“ ფეხბურთელები რომლებიც გამარჯვებას ზეიმობდნენ და „ვილიარელის“ მოთამაშეები, ვინც დამარცხდნენ და პენალტის ეპიზოდი ახსოვდათ.