საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ჩემპიონის გარდა, იმ გუნდების ვინაობაც გაირკვა, რომლებიც პლეი-აუტს გადაურჩენ და ვისაც ლიგაში დასარჩენად ბრძოლა ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლებთან მოუწევთ.
გორის „დილამ“ „თელავი“ მიიღო და 6-მატჩიანი (5 გამარჯვება, 1 ფრე) წაუგებელი სერია შეწყვიტა.
34-ე წუთზე თელაველებმა საჯარიმო დარტყმა გაითამაშეს და ცოტნე კაპანაძემ მეტოქის კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელსაც თავით მიმართულება ანდრო ნემსაძემ შეუცვალა, რაც ავტოგოლად დაუჯდა – 0:1.
37-ე წუთზე, ბრაზილიელმა სილვამ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ლაშა შერგელაშვილმა ნახტომში თავით ბურთი თავის კარში გაიტანა – 1:1.
72-ე წუთზე გიორგი ჯანელიძემ მარცხნიდან კუთხური შეასრულა და დავით მაისაშვილმა ფეხით ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა – 1:3.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში ერთ შეხვედრაში 3 ავტოგოლი პირველად დაფიქსირდა.
87-ე წუთზე, ორ გორელს ფეხბურთელს შორის მოქცეულმა შოთა შეყილაძემ ბურთი კარგად დაამუშავა და იმდენი მოახერხა, რომ კარში დაარტყა – ლუკა გუგეშაშვილის მოგერიებულს იმედა აშორტიამ ზუსტად დაამატა – 1:3.
„დილა“ 60 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო „თელავმა“ 36 ქულა დააგროვა და პლეი-აუტში თამაშს გადაურჩა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ანგარიში 68-ე წუთზე გაიხსნა, როცა ბექა დარცმელია მარჯვენა ფლანგზე მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ომარ-ულად იმრანმა ახლო მანძილიდან თავით ნახტომში გაიტანა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ქუთაისელებმა კუთხური ჩააწოდეს და ფადი ზიდანმა თავით ანგარიში გაათანაბრა.
„ლოკომოტივი“ 52 ქულით მე-4 ადგილზეა, „ტორპედო“ კი მე-8 პოზიციაზე მაღლა ვერ აინაცვლებს და პლეი-აუტში ითამაშებს.
ხვალ, ქობულეთის “შუქურა” თბილისის “საბურთალოს” მიიღებს, ხოლო წყალტუბოს “სამგურალი” ქვეყნის ახალ ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს.
