გიორგი კუხიანიძემ, რომელიც უზბეკეთის სუპერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, თავისი მეორე გოლი მიითვალა.
ჩემპიონატის ბოლო 26-ე ტურში „ქიზილქუმმა“, რომელშიც კუხიანიძესთან ერთად, ელგუჯა გრიგალაშვილი და მათე ვაწაძე გამოდიან, ბეკაბადის „მეტალურგი“ მიიღო და 1:3 წააგო.
სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და კუხიანიძემ 63-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:3 აგებდა, პრესტიჟის გოლი გაიტანა. მან ისევე როგორც ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა. გრიგალაშვილმა მე-16 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო პირველი ტაიმის მერე მოედანი დატოვა.
„ქიზილქუმი“ 31 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე გავიდა.
ჩეხეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ზლინმა“ შინ „ოსტრავასთან“ 2:2 ითამაშა. მასპინძლებში ქართველი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი შეუცვლელად გაისარჯა და 86-ე წუთზე, როდესაც „ზლინი“ 1:2 აგებდა, მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ პროჰაზკამ ანგარიში გაათანაბრა.
„ზლინი“ 15 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.
