მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მოგებით დავიწყეთ!

0
38

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო – ჩვენებმა ლატვიელი სპეციალისტის აინარს ბაგატსკისის გაწვრთნილ უკრაინას 88:83 მოუგეს და აქტივში მნიშვნელოვანი ქულები დაიწერეს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოქოლიშვილი, მაკფადენი, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი. პირველი მეოთხედი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო – მთავარი გმირი თად მაკფადენი გახლდათ, რომელმაც ხუთი სამქულიანი ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:24 მოვიგეთ.
მეორე პერიოდში უკრაინელებმა უკეთ ითამაშეს, საჯარიმოებს უშეცდომოდ იყენებდნენ და პეტროვის ზუსტი სამქულიანების წყალობით 7 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ჩვენი გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა, ფარზე კი ჩვეულად ვერ დომინირებდა შერმადინი, რომელსაც არტიომ პუსტოვი ყურადღებით მეურვეობდა. თუმცა, ზუროსის შეგირდებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და პირველი ტაიმი 45:46 დასრულდა.
მესამე მეოთხედის სტარტი ისევ სტუმრების იყო და უკრაინა 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა საქართველოს ნაკრები თამაშში მალევე დაბრუნდა. მესამე პერიოდის დასკვნითი წუთები ქულა ქულაში წარიმართა და გადამწყვეტი პერიოდის წინ ორ ქულას ვაგებდით, 64:66.
მეოთხე მეოთხედის დასაწყისში უკრაინა დაწინაურდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და ლიდერობა დაიბრუნა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლიდერების – თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ძალისხმევით, გივი ბაქრაძის სამქულიანით და დაცვაში კარგი გარჯით ჩვენი გუნდი დაწინაურდა, ბოლოს შენგელიამ მეტად საჭირო 4 ქულა ჩააგდო და გავიმარჯვეთ.
საქართველოს ნაკრებს თად მაკფადენმა ულიდერა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 27 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გიორგი შერმადინმა აქტივში 23 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. თორნიკე შენგელიამ 16 ქულა და 13 მოხსნა გააკეთა.


უკრაინასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მადლობელი ვარ გულშემატკივრების, რომლებიც მსოფლიოსთვის ამ მძიმე დროს მოვიდნენ. თორნიკეს ერთმანეთის მიყოლებით ორი თამაში ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა. როცა საუკეთესო კალათბურთელები ჩამოდიან, დიდი ბიძგია დანარჩენებისთვის. სხვებს არ აქვთ დიდ ტურნირებში თამაშის გამოცდილება. თორნიკემ და სხვა ლიდერებმა, ბექა ბურჯანაძემ, გიო შერმადინმა, თად მაკფადენმა თამაშში ყველაფერი ჩადეს. უკრაინის ნაკრები კარგი გუნდია. ეს დღესაც დაამტკიცა – ბოლო წამებამდე იბრძოლა და ბევრი თავსატეხი გაგვიჩინა“.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ესპანეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას გასვლაზე 94:65 მოუგო.

G ჯგუფის კალენდარი
29 ნოემბერი, 2021
ესპანეთი-საქართველო
24 თებერვალი, 2022
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია
27 თებერვალი, 2022
ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო
1 ივლისი, 2022
უკრაინა-საქართველო
4 ივლისი 2022
საქართველო-ესპანეთი