„ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგაში პირველად ქართველი ლეგიონერების გარეშე მოიგო

0
4

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო.

მე-5 ტურში ფამაგუსტელებმა ჯგუფის ლიდერ ბელგიის „გენტს“ უმასპინძლეს და 1:0 სძლიეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე ხრისტოდოპულოსმა გაიტანა, რომელმაც დაახლოებით 45 მეტრიდან ბურთი თავს ზემოთ წინ გამოსულ ბელგიელთა მეკარეს გადაუგდო.

„ანორთოსისის“ ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ მეკარე გიორგი ლორია იყო, რომელსაც არ უთამაშია. ნახევარმცველი ნიკა ნინუა და თავდასხმელი კახა კაჭარავა თადარიგშიც ვერ მოხვდნენ. ისინი დიდი ალბათობით ზამთარში კლუბს დატოვებენ.

„გენტის“ განაცხადში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იყო, მაგრამ არ უთამაშია.

პარალელურად გამართულ შეხვედრაში ტალინის „ფლორამ“ სენსაცია გამოაცხო და შინ ბელგრადის „პარტიზანი“ დაამარცხა.

ბოლო ტურში „გენტი“, რომელმაც 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა „ფლორას“ მიიღებს, ხოლო „ანორთოსისი“, რომელიც 5 ქულით ბოლო პოზიციაზეა სტუმრად მეორეადგილოსან „პარტიზანს“ (7 ქულა) შეხვდება.