უეფას კონფერენს ლიგის მე-5 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, შინ საბერძნეთის პაოკს ვერ მოუგო – 0:0.
ვლადიმირ ვაისსის გაწვრთნილ „სლოვანში“ ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ მცველმა კაშიამ ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი კანკავა განაცხადში დედის გარდაცვალების გამო არ იყო.
F ჯგუფში ერთი ტურია დარჩენილი და „სლოვანი“ 8 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო პაოკი ამდენივე ქულით მესამეა.
ბოლო ტურში პაოკი გიბრალტარის „ლინკოლნს“ მიიღებს, ხოლო „სლოვანი“ დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ ესტუმრება.
ჯგუფში მეორე ადგილზე გასული 1/8-ფინალში მოსახვედრად პლეი-ოფის მატჩს ევროპა ლიგის ჯგუფში მე-3 პოზიციაზე მყოფ გუნდთან ჩაატარებს.
