თრილერი „ჩელე არენაზე“ – „სამგურალი“ თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა

0
16

წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა ქობულეთში „ჩელე არენაზე“ ადგილობრივის „შუქურა“ დაამარცხეს და საპატიო ჯილდოს მოსაგებად იბრძოლებენ.

ძლიერი წვიმის გამო მოედანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამის მიუხედავად უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენების შემდეგ გულშემატკივრებმა ნამდვილი თრილერი იხილეს.

68-ე წუთზე, სტუმრებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდეს, სადაც ყველას ლევან ქურდაძემ დაასწრო და ნახტომში თავით დაარტყა – ლუკა შეროზიამ ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ იქვე მყოფმა ალექსანდრე ვერულიძემ ახლო მანძილიდან ზუსტად დაამატა- 0:1.

77-ე წუთზე, ქობულეთელებმა მარცხენა ფლანგიდან აუტი მოაწოდეს და მეტოქე მცველებთან ორთაბრძოლაში საჯარიმოში ბურთი ბექა ვერულიძემ მიიღო, რომელმაც ახლო კუთხეში დაარტყა – წყალტუბოელთა მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, რის გამო, ანგარიში გათანაბრდა.

84-ე წუთზე, წყალტუბოელთა საჯარიმოს ხაზიდან ზურაბ მუსელიანის დარტყმის შემდეგ ქვილითაის მიერ ნახტომში მოგერიებული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო გიორგი გაფრინდაშვილმა დაასწრო ნიკა კალანდარიშვილს და ბურთი კარში „შეიტანა“.

87-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან დემურ ჩილაძემ „შუქურას“ საჯარიმოში ჩააწოდა და ნიკა ჭანტურია ვარდნაში თავით ბურთის მოგერიებას შეეცდა, მაგრამ ავტოგოლი მიითვალა – 2:2.

89-ე წუთზე, პაპუნა ფონიავამ დაახლოებოთ 27-28 მეტრიდან ძალიან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა – 2:3.

“სამგურალი” თასის ფინალში მიჯრით მეორედ მოხვდა – შარშან წყალტუბოელები გადამწყვეტ ორთაბრძოლაში პენალტების სერიაში “გაგრასთან” დამარცხდნენ.

არსებობის ისტორიაში “სამგურალი” თასის ფინალში სულ სამჯერ გავიდა, მაგრამ არასოდეს გაუმარჯვია.

თასის ფინალი 8 დეკემბერს გაიმართება და მისი მეორე მონაწილე დღეს თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩში გაირკვევა.