„საბურთალო“ თასის ფინალშია – ბათუმელებმა „ოქროს დუბლის“ შესრულების შანსი დაკარგეს

0
6

თბილისის „საბურთალო“ არსებობის ისტორიაში მეორედ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა.

1/2-ფინალში ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმის „დინამო“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.

თბილისელების გამარჯვება შემთხვევითი ნამდვილად არ იყო, რადგან გია გეგუჩაძის შეგირდებს ორი ტაიმის განმავლობაში აჯობეს და დამამთავრებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ ეთამაშათ, შესაძლოა მეტი ბურთიც გაეტანათ.

34-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ ბათუმელთა კაპიტანუ მამუკა კობახიძე თავისი საჯარიმოდან ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ პასი გამოუვიდა მოლდოველი ლეგიონერის დმიტრი მანდრიჩენკოს მისამართით, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.

გატანილი გოლიდან ცოტა ხანში. იური ტაბატაძემ თავის ნახევარზე ბურთი შეტევაში ჩართულ გრიგოლ ჩაბრაძეს აართვა და  კონტრშეტევა წამოიწყო, რომლის დროს გადაცემა სტუმართა საჯარიმოში გახსნის გიორგი გოჩოლეიშვილს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. არადა, მას ლაზარე კუპატაძის კარის წინ მყოფი მანდრიჩენკოსთვისაც შეეძლო პასის მიცემა.

54-ე წუთზე, შოთა ნონიკაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბათუმელები გოლის გაშვებისგან ვერც ლაზარე კუპატაძის ნახტომმა იხსნა.

ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ გოჩოლეიშვილი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა. კობახიძეს გაცდა, მაგრამ კარგი პოზიციიდან კარს ააცილა.

იმავე გოჩილეიშვილს გოლის გატანის შანსი კიდევ ჰქონდა, როცა ამჯერად მარცხნიდან შეუტია და საჯარიმოში ისევ კობახიძეს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კუპატაძემ მოიგერია.

82-ე წუთზე, „დინამომ“ აუტი მოაწოდა და „საბურთალოს“ საჯარიმოში ლევან კაკუბავასა და გიორგი ნიქაბაძის ორთაბრძოლის დროს, მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა მასპინძელთა მცველზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა, რის გამო, პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ბათუმელთა „შტატიანმა“ პენალტისტმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.

„საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში 8 დეკემბერს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.

თბილისელთა თავკაც ლევან კორღალიძისთვის ეს ჯერჯერობით სამწვრთნელო კარიერაში ყველაზი დიდი მიღწევაა.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ საქართველოს თასი პირველად 2019 წელს მოიგო, როდესაც გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნიდა და ახლა ამ წარმატების გამეორების შანსი აქვს.