რუსეთისა და ჩილეს შეხვედრაზე ქართველი კომისარი დანიშნეს

0
2

მსოფლიო რაგბის საითინგ-კომისარი ლაშა მაჭავარიანი 26 ნოემბერს რუსეთსა და ჩილეს შორის სოჭში გასამართ მატჩზე დაინიშნა.

საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტის წევრი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი გახდა. ეს გასული წლის დეკემბერში მოხდა, ახლა კი კონკრეტულ მატჩზე დანიშვნის დროც დადგა.

საითინგ-კომისარი მატჩზე დისციპლინის მეთვალყურე კომისარია, რომელიც აკვირდება ყველა დარღვევას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შეიძლება რეფერისა და ვიდეო-რეფერის გამორჩეთ. ის ასევე განიხილავს მატჩის მსვლელობისას მომხდარ ყველა ინციდენტს, ეცნობა მატჩის ოფიციალური პირებისა და მონაწილე მხარეების მოხსენებებს, განიხილავს ვიდეო-ჩანაწერს და იღებს გადაწყვეტილებებს.

„სასიხარულო და მისასალმებელია ქართული რაგბი ასე რომ დააფასეს. ნელ-ნელა, თუმცა ყველა მიმართულებით წინ მივიწევთ. მსოფლიო რაგბის სადისციპლინო პანელზე ქართველი კომისრის გამოჩენა მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება საქართველოში საითინგის განვითარებაში და წარმატებული საითინგ-კომისრების აღზრდაში“ – ამბობს ლაშა მაჭავარიანი, რომელიც დაძაბული შეხვედრის მოლოდინშია:

„გასულ კვირაში რუსეთსა და ჩილეს შორის შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა ერთი ქულის სხვაობით მოიგეს. ამ თამაშის ჩანაწერი რამდენჯერმე ვნახე, ახლაც ასეთივე დაძაბულ და საითინგის კუთხით საინტერესო თამაშს ველი, თუმცა განვლილ მატჩში საითინგს დარღვევა არ დაუფიქსირებია და იმედია ის ახლაც მშვიდობიანად ჩაივლის“.