სამედიცინო სწავლება სანაკრებო ვერტიკალისა და კლუბებისთვის

0
17

7-18 ნოემბერს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დირექტორის, ნონო ანდღულაძის ინიციატივით, „ლელო არენაზე“ სანაკრებო ვერტიკალის, დიდი 10-ის და პირველი ლიგის კლუბების შესაბამისი სპეცილისტებისთვის სემინარი გაიმართა.

სემინარს ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sportservices-ის ხელმძღვანელი დევიდ შერმანი უძღვებოდა, რომელიც ამავდროულად მსოფლიო რაგბის მეორე დონის ედუკატორიცაა. სემინარს ატარებდნენ ასევე ნიდერლანდური კომანიის -Fysio Holland-ის წარმომადგენლები ჰილკე ჰოფმანსი და მარტაინ სნუკი. ამ კომპანიას ნიდერლანდებში 150-ზე მეტი ფიზიო-თერაპიისა და სპორტული ტრავმების რეაბილიტაციის ფილიალი აქვს.

აღსანიშნავია, რომ სახსრების ტრავმის მექნიზმის, მისი ამოცნობის, ტეიპინიგის და ვარჯიშში დაბრუნების სემინარმა სხვა სპორტის სახეობებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია და 30-მდე მსმენელს შორის საფეხბურთო კლუბ ‘ლოკომოტივის’ და ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს წარმომადგენლებიც იყვნენ.

„ამ კომპანიასთან 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინაც გვქონდა ურთიერთობა და ყველა კმაყოფილი დარჩა. სამწუხაროდ, ამას მოყვა წყვეტა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოთამაშეთა კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და რადგან საქართველოში სპორტული მედიცინა ჯერ არ არის საკმარის სიმაღლეზე, უცხოელების მოწვევით ვცდილობთ ცოდნის გაღრმავებას“ – ამბობს ნონო ანდღულაძე, რომელსაც გაისად ჩასატარებელი სემინარები უკვე გაწერილი აქვს:

„ამ ეტაპზე ზოგადი კურსი გვქონდა. ეს ჯგუფი გაისად კიდევ 3-ჯერ ჩამოვა და დეტალურ სემინარებს ჩაატარებს. ჯგუფები დაიყოფებიან დამწყებებად და გამოცდილებად და კურსიც შესაბამისი ჩაუტარდებათ. შეთანხმების თანახმად, გვექნება გაცვლითი პროგრამები და მათი პრაქტიკანტები ჩვენთან იმუშავებენ, ჩვენი წარჩინებული მსმენელები კი ცოდნის გასაღრმავებლად ნიდერლანდებში გაემგზავრებიან“.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ‘შავ ლომთან’ იმუშავებს იარნო კრაინე, რომელიც ასევე მონაწილეობდა სემინარებში, ხოლო სტაჟირებაზე კალუმ სტიფენია ჩამოსული.

„აქ ყველამ ძალიან თბილად მიმიღო და სასიამოვნო გარემოში ამოვყავი თავი. ჩემი მიზანია, რომ ვნახო როგორ მუშაობს სამედიცინო ჯგუფი უმაღლეს დონეზე, სანაკრები, ან პროფესიონალური ფრენჩაიზის დონეზე, მაქსიმალურად ჩავერთო საქმიანობაში და გავუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპეციალისტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე ამიყვანს როგორც მე, ასევე ქართველ სპეციალისტებს. აქამდე მხოლოდ კლინიკაში ვმუშაობდი, სადაც შესაძლოა ადამიანთან მხოლოდ კვირაში ერთხელ მოგიწიოს შეხვედრა, აქ კი მუდმივად გუნდთან ერთად ვიქნები, თითოეულ ტრავმირებულ მოთამაშესთან დღეში 3-4, ხანგრძლივი ურთიერთობა მექნება და ეს უფრო თვალსაჩინოს გახდის ტრავმის მართვის პროცესს, რაც თავისთავად მოედანზე დაბრუნების დროსაც შეამცირებს“ – ამბობს იარნო კრაინე.

დევიდ შერმანი საქართველოში უკვე 8-9-ჯერ იმყოფებოდა, ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით შეუყვარდა და მოხარულია, რომ ურთიერთობები ღრმავდება და ფართოვდება:

„მოთამაშეთა კეთილდღეობისა და სპეციფიური, სპორტული ტრავმების მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული სემინარი გვქონდა. მოთამაშეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, ეს მნიშვნელოვანია. მე საქართველოში არაერთხელ ვიყავი და დღევანდელი გადასახედიდან, სანაკრებო ვერტიკალზე ამ კუთხით ძალიან კარგი სიტუაციაა, თუმცა ქვედა დონეებზე საქმე არცთუ ისე კარგადაა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენთან, ნიდერლანდებშიც ასე ხდება. ჩვენი მიზანია, რომ გავაღრმავოთ ქვედა დონეზე დასაქმებული სპეციალისტების ცოდნა და გავუზიაროთ ახალი გამოცდილება მათ, ვინც უკვე მაღალ დონეზე არიან“.

„ასევე დიდი განსხვავებაა სამედიცინო და ფიზმომზადების ჯგუფების სპეციალისტებს შორის. ამ რგოლების დაახლოვებით, მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა უფრო ნაყოფიერი გახდება, რადგან ისინი გადაჯაჭვული არიან ერთმანეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ვიწყებთ გაცვლით პროგრამებს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. თქვენთან რაგბი ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ნიდერლანდებში, ასევე ნიდერლანდების ჯანდაცვის სისტემა უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე საქართველოსი და ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი დღის განმავლობაში სემინარზე მეგობრული, უშუალო ატმოსფერო იყო, რამაც მსმენელებს სწავლების პროცესი გაუმარტივა და კურსის ბოლოს სერთიფიკატები ჩაიბარეს.

თენგო არჩვაძე (სპორტული მედიცინის ფიზიკური-თერაპევტი):

„მადლობელი ვარ რაგბის კავშირის და ჩვენი კლინიკის, რადგან მსგავს კონფერენციაში მონაწილეობა დიდი ხანია მსურდა. ტეიპინგის, მხრის და მუხლის სახსრის, ასევე სხვა ტრავმების დიაგნოსტიკისა და მართვის კუთხით საინტერესო კონსილიუმები გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ცოდნას უცხოელი სპეციალისტები გვიზიარებენ, სადაც სპორტული მედიცინა მაღალ დონეზეა. ეს ყველაფერი დამსწრეებს გავლილი და ნასწავლი გვქონდა, თუმცა ცოდნა ზედმეტი არასდროსაა და ბევრი ისეთი დეტალი აღმოვაჩინეთ, რომელიც მანამდე არ ვიცოდით. მნიშვნელოვანია, რომ სემინარები უშუალო გარემოში წარიმართა და ამისათვის მინდა კოლეგებს მადლობა გადავუხადო. იმედია, რომ მსგავსი სწავლებები მომავალშიც იქნება და მე მათ დიდი სიამოვნებით დავესწრები“.

დავით კობახიძე (საქართველოს 18-წლამდე ნაკრების ფიზიო):

„ამ ორმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა და როგორც მე, ასევე ჩემი კოლეგები, კმაყოფილები ვართ. კარგი იქნება თუ მსგავსი აქტივობები მომავალშიც დაიგეგმება. ეს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაგვეხმარება. აქ მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში გადავიტან და შესაბამისად, მოთამაშეებიც ტრავმებისგან უფრო დაცული იქნებიან“.

გურამ ადამია (საქართველოს 18-წლამდე ნაკრების ფიზიო):

„ეს ორი დღე დატვირთული იყო როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე პრაქტიკული უნარჩვევების გაუმჯობესების კუთხით. თუ აქამდე ტრავმის დასადგენად 2-3 ხერხი გვქონდა, ახლა ჩვენს არსენალში ორჯერ მეტი ასეთი მეთოდია, რაც მოედანზე დაზიანების პირვანდელ დიაგნოსტიკაში დაგვეხმარება. გაისად კიდევ სამი, უფრო დეტალიზირებული სემინარი იგეგმება და რაც უფრო გარღმავდება ჩვენი ცოდნა, მით უკეთესი ქართული რაგბისა და ზოგადად ქართული სპორტის მედიცინისთვის“.