აინარს ბაგატსკისმა საქართველოსთვის 12 მოთამაშე შეარჩია

0
6
უკრაინის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა კი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა. საინტერესოა, რომ უკრაინელთა წინასწარ განაცხადში ნატურალიზებული მოთამაშე არ ფიგურირებდა, თუმცა, მას მერე, რაც ვიაჩესლავ ბობროვმა ტრავმა მიიღო, ბუდიველნიკიდან სასწრაფო წესით ჯერომ რენდლს უხმეს. 34 წლის უკანახაზელი უკრაინის ნაკრებისთვის ახალი სახე სულაც არაა. მან ევროპული ქვეყნის მაისურით უკვე ითამაშა ევრობასკეტი 2015-ზე, სადაც საშუალოდ 13.2 ქულა, 2.0 მოხსნა და 4.4 პასი ჰქონდა. ჯერომმა ასევე მონაწილეობა მიიღო მომავალი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელთა მთავარ მწვრთნელს სურდა “ზაპოროჟიეს” ამერიკელი უკანახაზელის, მაიკლ კეფის დამატება, მაგრამ მისი ნატურალიზება სავარაუდოდ ვერ მოასწრეს, ან ვერ მოახერხეს. თუ სურდა უცხოელი, რენდლის ნაკრებში დამატება ნებისმიერ დროს შეეძლო, თუმცა იგი მას მერე გამოიძახა, რაც ბობროვმა ტრავმა მიიღო.
საინტერესოა, რომ რენდლს კარიერის განმავლობაში ოცამდე კლუბის ღირსება დაუცავს, რომელთაგან კაუნასის ჟალგირისი (ლიეტუვა), ლიმოჟი (საფრანგეთი), ლოკომოტივ-ყუბანი (რუსეთი), ფუენლაბრადა და ბეტისი (ორივე – ესპანეთი) უნდა გამოვარჩიოთ. უკრაინის ნაკრების პირველ ვარჯიშში მონაწილეობა ყველა გამოძახებულმა კალათბურთელმა მიიღო, გამონაკლისი კი ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერები – არტიომ პუსტოვოი და ვოლოდიმირ გერუნი იყვნენ. მათ დასვენების საშუალება მიეცათ. უკრაინელები თბილისისკენ გეზს ხუთშაბათს აიღებენ, საქართველოს ნაკრებთან თამაში კი, პარასკევს, 26 ნოემბერს შედგება. ამავე დღეს G ჯგუფის ეგიდით ჩრდოლოეთ მაკედონია ესპანეთს უმასპინძლებს. 29 ნოემბერს საქართველო სწორედ ესპანეთში ითამაშებს, უკრაინა კი მაკედონიელებს დაუხვდება. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.
ეს გახლავთ უკრაინელთა გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც საქართველოში 12 კალათბურთელი გამოემგზავრება:
უკანახაზელები: დენის ლუკაშოვი, ილია სიდოროვი, ოლეკსანდრ ლიპოვი (ყველა – პრომეთეი), ვიტალი ზოტოვი, იუსუფ სანონი (ორივე – დნეპრი), ოლეკსანდრ კობეცი (ბუდიველნიკი), ჯერომ რენდლი;
ფორვარდები: ბოგდან ბლიზნიუკი (ბუდიველნიკი), ივან ტკაჩენკო (ჩერკასკი მავპი), ანდრეი ვოინალოვიჩი (კიევ-ბასკეტი), სერგეი პავლოვი (ორივე – დნეპრი), ვიაჩესლავ პეტროვი (პრომეთეი);
ცენტრები: ვოლოდიმირ გერუნი (ბუიუჩეკმეჩე, თურქეთი), დმიტრო სკაპინცევი (კიევ-ბასკეტი), არტიომ პუსტოვოი (გრან კანარია, ესპანეთი).