ცეცაძის წარმატებული დებიუტი „ტორპედოში“, „სამტრედია“ გავარდა

0
2

გია ცეცაძის დებიუტი ქუთაისის „ტორპედოში“ აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისელებმა „სამტრედიას“ უმასპინძლეს, რომლის თავკაცის თანამდებობა ცეცაძემ 23 ოქტომბერს დატოვა და 4:1 გაიმარჯვეს.

ლერი მეგენეიშვილის გაწვრთნილმა „სამტრედიამ“ ამ წაგების შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დატოვა, რადგან 20 ქულა აქვს და დარჩენილი 2 შეხვედრა რომ მოიგოს მე-9 ადგილზე მყოფ ქობულეთის „შუქურას“ ვერ დაეწევა, რომლის აქტივში 27 ქულაა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს, როდესაც გიორგი ცინცაძემ პენალტი გამოიყენა, რომელიც ლევან წოწონავას წაქცევისთვის დაინიშნა.

სტუმართა მცველმა გიორგი გადრანმა საპასუხო ბურთი მე-13 წუთზე გაიტანა – გივი იოსელიანის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით ბურთი კარში ეფექტურად გადაგზავნა.

30-ე წუთზე ლევან წოწონავამ ქუთაისელები დააწინაურა – თორნიკე ახვლედიანის თავურის შემდეგ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა.

75-ე წუთზე ბელარუსმა ლეგიონერმა დმიტრი რეკიშმა „ტორპედო“ კიდევ უფრო დააწინაურა,  ხოლო ალჟირელმა მეჰდი ბუკასიმ 79-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო გოლი გაიტანა.

„ტორპედო“ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და ჯერჯერობით პლეი-აუტის ზონაშია.