ლიონელ მესიმ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-14 ტურში პარიზელებმა შინ „ნანტი“ 3:1 დაამარცხეს და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 87-ე წუთზე კილიან მბაპეს პასის შემდეგ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მესიმ პარიზელთა შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა და თავი პირველად გამოიჩინა.
თუმცა, მან პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა.
„ნანტის“ კარში პირველი ბურთი კილიან მბაპემ თამაშის დაწყებიდან წუთსა და 41 წამში გაიტანა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფორვარდისთვის ეს გოლი კარიერაში ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა.
