ვოლკოვის მეცხრე გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში და საგოლე პასი

0
3

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თავისი მორიგი გოლი გაიტანა.

მე-11 ტურში „ზირემ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, შინ „საბაილი“ 3:1 დაამარცხა.

ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მასპინძლები დააწინაურა – მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მაღლა ახტა და თავით გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მან ასევე თავით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უზბეკეთთან (1:0) სპარინგში სადებიუტო გოლი მიითვალა.

74-ე წუთზე, ვოლკოვმა შეტევის მარცხენა ფლანგზე სისწრაფეში მეტოქის მცველს აჯობა და საჯარიმოში შესულმა გარე ტერფით საუცხოო პასი მისცა პარტნიორს, რომელმაც მესამე ბურთი გაიტანა.

ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 9 გოლით ლიდერობს. „ზირე“ 19 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “ურალი” გასვლაზე “კრილია სოვეტოვს” დაუზავდა – 1:1. სტუმართა რიგებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ 51-ე წუთიდან ითამაშა.