“ბორჯღალოსნების” საბრძოლო ფრე ფიჯისთან

0
3

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის დასკვნითი თამაში ფიჯისთან დამღლელ ბრძოლაში, ფრედ 15:15 დაასრულა.

ეს იყო ამ გუნდების მეექვსე შეხვედრა და პირველი ფრე, სულ კი, საქართველოს მე-8 ფრე 245 მატჩში.

ესპანეთში, არანხუესში გამართული თამაში მნიშვნელოვანი იყო ორივე გუნდისთვის, რადგან ისინი ტიერ2-ის ქვეყნებიდან ყველაზე ახლოს არიან ტიერ1-ის გუნდებთან და მსოფლიოში ყველაზე მზარდ სარაგბო ნაციებად ითვლებიან. გარდა ამისა, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნებს კუნძულელებთან საკუთარი ანგარიშები აქვთ და დიდი ალბათობით, ისინი 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზეც ერთ ჯგუფში იქნებიან.

სასიამოვნოა, რომ „ესტადიო ელ დელეიტე“-ს ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ ქართველი ქომაგები და მძიმე წუთებში ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ ბორჯღალოსნებს.

საქართველომ ფიჯის ძალიან ძლიერ გუნდს ის ერთადერთი ტაქტიკა დაუპირისპირა, რითაც მათი შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა. დაცვაში აგრესიული, მაქსიმალურად დისციპლინირებული თამაშით, მეტოქის არაერთი სახიფათო შეტევის შეჩერება მოხერხდა. ბორჯღალოსნების შერკინებამ ისეთი შეხვედრა ჩაატარა, როგორსაც მისგან ნაჩვევი ვართ და ფიჯელები არაერთხელ დააჯარიმა. კარგად იმუშავა დაცვის მოლმა და მეტოქეს რამდენჯერმე აგრძნობინა, რომ ეს იარაღი საქართველოს წინააღმდეგ არ იმოქმედებდა.

შეტევაში ბორჯღალოსნები ცდილობდნენ, რომ ხელით მეტი ეთამაშათ და როგორც კი რამდენიმე ფაზის გადაბმა ხერხდებოდა, მეტოქე ჯარიმდებოდა, თედო აბჟანდაძე კი ზუსტი დარტყმებით საქართველოს უპირატესობას უნარჩუნებდა. და თითქოს გამარჯვებაც ახლოს იყო, მაგრამ დაღლილობამ დასკვნით წუთებში ძალზედ იჩინა თავი და საფინალო სასტვენმაც 15:15 დააფიქსირა.

თითქმის უშეცდომოდ

ფიჯელთა ტრადიციული საბრძოლო ცეკვის, ზიმბის შესრულების შემდეგ, საქართველომ თამაში კარგად დაიწყო და მეტოქეს პირველსავე წუთებზე აჩვენა, რომ დაცვაში უკან დამხევი არ იყო. თავდადებული დაცვით მეტოქეს ბურთი დავათმობინეთ, მერე თავად გადავედით შეტევაზე და თედო აბჟანდაძის მოკლე გადაკიდებული ბექა საღინაძეს რომ აეღო, სიტუაციის გასამწვავებლად საკმარისი სივრცე ქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამაგიეროდ ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნდა და აბჟანდაძემ დაახლოებით 35 მეტრიდან, არცთუ იოლი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეტოქე კვლავ ჯიუტად ცდილობდა ჩვენს 22-ში დერეფნიდან მოლით, ან ბურთის ხაზზე გატანით შეტევას, თუმცა თავი ყველა ჯერზე კარგად დავიცავით, მე-19 წუთზე კუნძულელები შერკინებაში უკვე მათსავე ნახევარზე დავაჯარიმეთ და აბჟანდაძემ ესეც გაიტანა. ამას ფიჯელთა გააფთრებული, 3-წუთიანი შტურმი მოყვა და საქართველო წითელ ზონაში კვლავ არ გატყდა.

თამაში ჩვენთვის სასურველი სცენარით მიდიოდა და 27-ე წუთზე მეტოქეს ჩვენს 22-თან რომ დავაშვებინეთ შეცდომა, ლელოს გატანის შანსი გაჩნდა. ვასილ ლობჟანიძემ ბურთს ფეხი წაკრა და მიყვა, ის ლელოდან 6-7 მეტრში შეაჩერეს და თითქოს დახმარებამაც არ დააგვიანა, თუმცა სიჩქარეში ფიჯელებმა გადაცემა ჩაჭრეს და მათი დრო დადგა. არეულ თამაშში მათ ხელდახელ წამოიღეს სწრაფი კონტრშეტევა და ის ამინიასი ტუიმამბას ლელოთი დასრულდა. ბენ ვოლავოლას გარდასახვა ძელმა აისხლიტა.

ამის შემდეგ თამაში ჩვეულ რითმს დაუბრუნდა, აგრესიულმა დაცვამ ფიჯის დაჯარიმება უკვე მისსავე ნახევარზე აიძულა და აბჟანდაძემ გასატანი ჯარიმა 3 ქულად აქცია. გაწითლებულ დროზე თედოს 40 მეტრიდან შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა და კარგი ტაიმი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 9:5.

მომქანცველი მეორე ტაიმი

მეორე ნახევარი პირველზე უფრო რთული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ფიჯიმ მონდომება გააათმაგა, მოედანიც დამძიმდა. სადებიუტო შეტევებმა, რომელიც თითქმის 10 წუთი გაგრძელდა დიდი ენერგია წაიღო. ვასილ ლობჟანიძემ და გიორგი ცუცქირიძემ ერთ ეპიზოდში 100%-იანი ლელოსგან გვიხსნეს. მერე აბჟანდაძემ კარის წინ შეასრულა კარგი ბოჭვა და რადგან ლელოს გატანა ვერ მოახერხეს, ვოლავოლამ ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

ტაიმის შუაში მეტოქის ნახევარზე ორჯერ შევძელით გადასვლა და ორივეჯერ ჯარიმის შესრულების უფლება მივიღეთ. აბჟანდაძემ ორივე გაიტანა და პირველად შეხვედრაში უპირატესობა 7-ქულიანი გახდა. ჯარიმებს შორის იყო ერთი სახიფათო შეტევა და ამჯერად ლელოსგან დავით ნინიაშვილისა და ლობჟანიძის ბოჭვებმა გვიხსნა.

და მაინც, 68-ე წუთზე ფიჯიმ ჯარიმა კარში არ დაარტყა, დერეფნიდან ჯერ ცენტრისკენ შეგვიტია, მერე მოკლე ფრთაზე დააბრუნა ბურთი და ვილიამე მატას ლელო ვოლავოლამ გარდასახა. დასკვნით 10 წუთში შეცდომები მომრავლდა, თამაში ჩვენს 22-ში მიდიოდა და როდესაც განკუთვნილი დრო ამოიწურა, აბჟანდაძემ ბურთი ფეხით კიდით ხაზს იქით მოიგერია – 15:15 მძიმე და მომქანცველი მატჩის შემდეგ.

20 ნოემბერი. არანხუესი. „ესტადიო ელ დელეიტე“
საქართველო – ფიჯი 15:15 (9:5)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

5 ჯარიმა: თედო აბჟანდაძე