„დილამ“ კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა, „ლოკომოტივი“ ევროთასებს მიღმა დარჩა

0
2

გორის „დილა“ მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს.

უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილებმა ევროთასების საგზური კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში სტუმრად თბილისის „საბურთალოსთან“ უგოლოდ დასრულებულ დაპირისპირებაში გაინაღდეს.

მატჩამდე „დილას“ სპორტულმა დირექტორმა ზურაბ ხორგუაშვილმა გუნდის ექსფორვარდი უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი, რომელიც გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი (10 გოლი), საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ლეგიონერი გახდა, კუთვნილი პრიზებით დააჯილდოვა.

შეხვედრაში რეალური საგოლე მომენტები ფაქტობრივად არ შექმნილა და ტაბლოზე დაფიქსრიებული ანგარიში ლოგიკურია.

თამაშის მიწურულს სტუმართა ფეხბურთელის რევაზ ჩიტეიშვილისა და გიორგი კვერნაძის შეხლა-შემოხლაში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აჩვენა, რომელიც ჩიტეიშვილისთვის მეორე აღმოჩნდა და თამაში ნაადრევად დაასრულა.

გორელებს 60 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მინიმუმ მესამე ადგილი გაინაღდეს. აღსანიშნავია, რომ “დილამ” ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ლევან კორღალიძის დამოძღვრილი „საბურთალო“ 51 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ევროთასებზე მოხვედრას საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასიდან ეცდება, სადაც 24 ნოემბერს 1/2-ფინალში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ საბურთალოელებმა ჩემპიონატში მარცხიანი სერია შეწყვიტეს, რომელიც ზედიზედ სამი შეხვედრისგან შედგებოდა. თბილისელებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საერთო ჯამში 5 თამაშია არ მოუგიათ.

აქვე გეტყვით, რომ 34-ე ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ ვერ მოუგო – 0:0.

შესაბამისად, „ლოკომოტივმა“ სამეულში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. თავის მხრივ „სამგურალი“ დარჩენილ ორ ტურში პირველ ხუთეულში ვერ მოხვდება.