ბათუმის „დინამოს“ ოქროს მედლებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

0
18

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა 34- ტურში „თელავს“ უმასპინძლეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

მატჩის გმირი თორნიკე გაფრინდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, თამაშში 57-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას მაგივრად ჩაერთო.

73-ე წუთზე, თელაველთა ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა გადაცემა არ დაუგვიანა მეტოქის საჯარიმოში თორნიკე გაფრინდაშვილს, რომელიც სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა.

89-ე წუთზე, გაფრინდაშვილმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.

ბათუმელებს 71 ქულა აქვთ და თუ მომდევნო მატჩში სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთან“ ქულას აიღებენ, საქართველოს ჩემპიონები არსებობის ისტორიაში პირველად ეროვნული ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდებიან.

პარალელურად გამართულ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ შინ ქობულეთის „შუქურა“ 2:0 დაამარცხა.

მე-15 წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი გაბედავამ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და მეკარე გაბრიელ თებიძემ სტუმრები ვერ გადაარჩინა – 1:0.

31-ე წუთზე, გიორგი პაპავამ თავის ნახევარზე მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ამავე დროს პასი ზორან მარუშიჩს გაუკეთა, რომელმაც ბურთიანად ქობულეთელთა საჯარიმომდე ირბინა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 2:0.

დინამოელთა სერბმა ფორვარდმა თავი 14 გოლის მოუყარა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბომბარდირებში ლიდერობს. „დინამოს“ 66 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.