ვან ბრონხორსტი „რეინჯერსში“ მწვრთნელად ბრუნდება

0
2

„გლაზგო რეინჯერსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ვან ბრონხორსტი იქნება, ირწმუნება skysports.com.

46 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი შოტლანდიურ გრანდში სტივენ ჯერარდს შეცვლის, რომელიც ბირმინგემის „ასტონ ვილას“ თავკაცად დანიშნეს.

ცოტა ხნის წინ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეინჯერსს“ შესაძლო მწვრთნელად შოთა არველაძე მიეწვია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ვან ბრონხორსტზე შეჩერდა, რომელსაც „ფეინოორდში“ (2015-2019) და „გუანჯოუ სიტიში“ უმუშავია.

მან „ფეინოორდს“ ერთხელ ნიდერლანდების ჩემპიონატი, ხოლო ორჯერ თასი მოაგებინა.

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ექსმცველი 1998-2001 წლებში „რეინჯერსში“ გამოდიოდა.

გლაზგოელებს შოტლანდიის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 13 ტურის მერე 30 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. უახლოეს მდევან „სელტიკს“ 4 ქულით ასწრებენ.