ბორჯღალოსნები | საერთაშორისო მედია ლე ბლესთან ისტორიულ მატჩზე

0
2

ბორჯღალოსნების პირველმა, ისტორიულმა შეხვედრამ ლე ბლესთან მსოფლიო თასს მიღმა, საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ფრანგულ პრესაში, დიდი ინტერესი გამოიწვია.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან გასული საუკუნის შუაში საქართველოში რაგბი ფრანგმა ჟაკ ასპეკიანმა შემოიტანა, საუკუნეების მიჯნაზე კი ბორჯღალოსნებს ასევე ფრანგი კლოდ სორელი წვრთნიდა, რომელმაც პირველმა გადო ხიდი დამოუკიდებელ ქართულ და ფრანგულ რაგბს შორის. სწორედ მისი ხელშეწყობით დაიწყეს ქართველმა მორაგბეებმა ფრანგულ წამყვან კლუბებში გადინება, იქ მიღებული გამოცდილებით კი, ქართული რაგბი ახალ სიმააღლეებზე აიყვანეს.

Franceinter-ზე მატჩის დღეს კლოდ სორელის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ავტორი მსოფლიო რაგბის პარადოქსს უწოდებს იმას, რომ ეს გუნდები 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს, მაშინ, როდესაც საფრანგეთში უამრავი ქართველი მორაგბე თამაშობს და ისინი კარგად იცნობენ ფრანგ მორაგბეებს.

ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელი საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეებს იხსენებს:

„კავკასიაში 1996 წელს მაროკოდან ჩავედი და იქ რაგბზე შეყვარებულ, ამ სპორტისთვის დაბადებულ ადამიანებს შევხვდი. საბჭოთა კავშირის დაშლის და ომების შედეგად, არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, საჭირო აღჭურვილობა, ქვეყანაში ყვაოდა კრიმინალი და მალევე მივხვდი, რომ მოთამაშეები ვერ იღებდნენ საკმარის საკვებს. საფრანგეთში 80 მოთამაშე წავიყვანე და ეს სისტემა, რომელმაც საქართველო 2003 წლის ისტორიულ მსოფლიო თასზე გაიყვანა, დღესაც წარმატებით მუშაობს.

ახლა ქართული რაგბი ბევრად წინაა, ლიცენზირებული მწვრთნელების და მსაჯების რაოდენობით, ინფრასტრუქტურით, მაგრამ მოთამაშეთა ხელფასი 200-250 ევროა. ჯერაც ძალიან დიდია სხვაობაა აქაურ და იქაურ ანაზღაურებას შორის და სწორედ ამიტომ, ისინი საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებენ“ – ამბობს სორელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობა შესთავაზეს.

lequipe-მ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც 12 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. საუბარი შეეხო ზაფხულის ავადსახსენებელ დღეებს, როდესაც ლევანი სამხრეთ აფრიკაში კოვიდს სიცოცხლისთვის ებრძოდა და აგრეთვე ბორდოში გასამართი მატჩის მოლოდინებს.

მატჩამდე lequipe ყურადღებას საქართველოს ნაკრების უკანა ხაზზეც ამახვილებდა, სადაც ტოპ 14-იდან ერთბაშად სამი მორაგბე მოხვდა:

„2007 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც საქართველო პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ეთამაშა ‘ლე ბლეს’, ქართველთა უკანა ხაზი სრულად საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული. 14 წლის შემდეგ ქართველთა ხაზში საფრანგეთიდან მხოლოდ სამი ლეგიონერია, თუმცა ხარისხში დიდი განსხვავებაა.

ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და დავით ნინიაშვილი ტოპ 14-ში თამაშობენ, 14 წლის წინ კი ყველა მოთამაშე ქვედა დივიზიონიდან იყო:

„მხოლოდ ქართველ ფორვარდები არ არიან კარგი! ხაზის მოთამაშეებსაც შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება!“ – ამბობს ლევან მაისაშვილი და გიორგი კვესელაძის ‘გლოსთერში’ გადასვლის ამბავს იხსენებს.

თავის მხრივ, სტატიის ავტორს ბრაიან ო’დრისკოლის მიერ „თვითერზე“ გამოქვეყნებული პოსტი ახსენდება, რომელიც მან „შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოსა და ირლანდიის მატჩის შემდეგ გამოქვეყნა:

„მე რომ ევროპულ კლუბს წარმოვადგენდე, რომელიც ცენტრს ეძებს, სერიოზულად დავაკვირდებოდი გიორგი კვესელაძეს. შესანიშნავი ლელოს გარდა, მას კარგად აქვს გათვითცნობიერებული დაცვის როლი, აგრესიული და შრომისმოყვარეა“.

დავით ნინიაშვილს ამავე დღეს სანაკრებო დებიუტი ქონდა და მართალია ასეთი შეფასებები არ მიუღია, თუმცა პიერ მინიონს თვალში მოუვიდა, ‘ლიონში’ მიიწვია და 19 წლის ასაკში, უკვე ტოპ 14-ის ხუთ მატჩში ათამაშა.

lemonde-მ თამაშის დღეს გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „ქართული რაგბის წარმატების გზა საფრანგეთზე გადის“,

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველი მორაგბეები მრავლად თამაშობენ ფრანგულ წამყვან კლუბებში, მათ შორის ‘ბრივში’, საიდანაც ბორჯღალოსნების შემადგენლობაში 5 მოთამაშე მოხვდა.

ამავე სტატიაში მოყვანილია რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის სიტყვები, რომელიც ქართული რაგბის განვითარებაში კლოდ სორელის ღვაწლს აფასებს:

„საფრანგეთს უდიდესი გავლენა აქვს ქართულ რაგბზე. ფრანგი კლოდ სორელი იყო პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც ჩვენს ნაკრებთან იმუშავა. მან პირველმა დაინახა ქართველი მორაგბეების პოტენციალი, დანერგა ახალი მიდგომები და გადო ხიდი ქართულ და ფრანგულ რაგბს შორის“.

francetvinfo გეოგრაფიულ ანომალიას უწოდებს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროსა და ბრიტანეთიდან ასე შორს მყოფ კავკასიაში, 3,7 მილიონიან საქართველოში, რაგბს ბავშვობიდან ეუფლებიან და ეს ქვეყანა ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო რაგბის ოჯახში. სტატიაში დაწვრილებითაა მოთხრობილი საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოში რაგბის განვითარების ეტაპები და ამ კუთხით ფრანგი სპეციალისტების – ჟაკ ასპეკიანისა და კლოდ სორელის როლი.

ამავე გამოცემამ ბორჯღალოსნებისა და ლე ბლეს შეხვედრამდე ორი დღით ადრე, ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა ბრჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილთან, რომელმაც ნაკრების დღევანდელობაზე და განვითარების გზებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნების პროგრესი არ გამორჩენია planetrugby-ს, რომელმაც თამაშის მიმოხილვისას დაწერა:

„საფრანგეთმა მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა საქართველოსგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. ქართველები იბრძოდნენ და დამუშავებული კომბინაციებით ორი კარგი ლელოც გაიტანეს. ისინი ორგანიზებული, შთამბეჭდავად მომზადებული გამოიყურებოდნენ“.

ლე ბლეს ყოფილი კაპიტანი, ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ტიერი დუზოტუარი, რომელმაც ნაკრების კვართით 2006-2015 წლებში 80 თამაში ჩაატარა, ბორჯღალოსნების წინააღმდეგობით გაოცებული დარჩა:

„საქართველომ პრობლემები შეგვიქმნა და ეს ანგარიშზეც აისახა. მეტოქემ განსაკუთრებით მეორე ტაიმში იყოჩაღა, როდესაც დახურულ თამაშში რამდენიმე კარგი გამოსავალი იპოვა. გამაოცა მათმა მტკიცე თამაშმა, დაცვამ და კარგმა პასებმა. მართალია თამაში წააგეს, მაგრამ ფრანგები რამოდენიმეჯერ ჩააგდეს გასაჭირში“.