თეა წულუკიანი:”ქართული რაგბი სახელმწიფო პროექტის რანგში გვყავს აყვანილი”

0
4

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა, ბორდოში ბორჯღალოსნებისა და ლე ბლეს შეხვედრის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში რაგბი სახელმწიფოს პროექტის რანგშია აყვანილი.

წარმომადგენლობითი შეხვედრა ქართული მხარის მიერ დაიგეგმა და მას მასპინძლებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისა და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის, ბერნარდ ლაპორტის (რომელიც ასევე საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტია) მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას ქალბატონმა თეა წულუკიანმა ფრანგულ ენაზე მიმართა.

მან ფრანგებს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ამ დონის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ქართული რაგბისთვის უდიდესი პროგრესია, რომელიც გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. ასევე ხაზი გაუსვა ფრანგულ-ქართულ კულტურულ და სპორტულ ურთიერთობებს, გაიხსენა კლოდ სორელის და იაშვილების ოჯახის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებაში და დასძინა:

„დღეს აქ ვარ როგორც ჩემი ქვეყნის ვიცე-პრემიერი, როგორც სპორტის პირველი ქალი მინისტრი და მაქვს ვალდებულება, ჩვენი მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა ფრანგულ მხარეს. სწორედ მთავრობის სახელით ვახმოვანებ შეტყობინებას, რომ – ჩვენ, ქართველებსა და საქართველოს, ქართული რაგბის წარმატება  სახელმწიფო პროექტის რანგში გვყავს აყვანილი. ამ პროექტს სათავეში უდგას ბატონი სოსო ტყემალაძე, რომელიც რაგბის კავშირის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ აირჩიეს“.

თავის მხრივ, დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ – ფრანგულ მხარეს მასპინძლობისთვის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პირადად სპორტის მინისტრს მხარდაჭერისთვის.

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს და ქალბატონ ვიცე-პრემიერს, რომლებმაც გამონახეს დრო და ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას დაესწრნენ. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა მხარში უდგას ქართულ რაგბს და კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო როგორც მთელს მთავრობას, ასევე პირადად თეა წულუკიანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველ წუთს იგრძნობა“.

„მადლობა საფრანგეთს მასპინძლობისა და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ჩვენ სწორედ ასეთი თამაშები გვჭირდება სწრაფი განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო რაგბის დახმარებით, 2023 წლის მსოფლიო თასამდე, სადაც ჩვენ აუცილებლად ვიქნებით წარმოდგენილი, მრავლად გვექნება ამ დონის შეხვედრები, რაც სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება“.

„ასევე დიდი მადლობა ბატონ ლაპორტს თბილი და საქმიანი მიღებისთვის. ასევე მადლობა კლოდ სორელს და ძმებ იაშვილებს, რომლებიც წლებია ქართულ რაგბს ქომაგობენ და საფრანგეთიდან გულშემატკივრობენ ჩვენს წინსვლას და განვითარებას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელშესახები გახდება“.

თავის მხრივ, ლაპორტმა საქართველოს პრეზიდენტსა და ვიცე-პრემიერს, მადლობა გადაუხადა დაფასებისა და არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის თანადგომისთვის. მან ქალბატონ თეა წულუკიანთანაც დააფიქსირა, რომ უმოკლეს დროში ეწვევა საქართველოს, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები როგორც საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს, ასევე მსოფლიო რაგბსა და საქართველოს რაგბის კავშირებს შორის.

ქართული რაგბის განვითარებაში კლოდ სორელის, ასევე დიმიტრი და გრიგორ იაშვილების ღვაწლის დაფასებისას, ქართული მხარე მხოლოდ მადლიერების სიტყვებით არ შემოიფარგლა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, კლოდ სორელი ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს საწმისის ორდერით“ დააჯილდოვა, რაც უმაღლესი საპრეზიდენტო ჯილდოა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცემს. შეგახსენებთ, სწორედ კლოდ სორელმა გაუხსნა საფრანგეთისკენ გზა ქართველ მორაგბეებს, რასაც უდიდესი პროგრესი მოყვა და საქართველოსთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები სწორედ ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გავიდნენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა დიმიტრი და გრეგორი იაშვილები, რომელთა წინაპრები მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხვდნენ საფრანგეთში, თუმცა არასდროს გაუწყვიტავთ კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან და აქტიურად ეწევიან როგორც ქვეყნის, ასევე ქართული რაგბის პოპულარიზაციას.

კლოდ სორელს საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მომზადებული სიმბოლური საჩუქარი გადასცა ქალბატონმა თეა წულუკიანმა – დავით კაკაბაძის მიერ ტიხრული მინანქარით შესრულებული დაფა, რომელზეც გამოსახულია საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირების სიმბოლოები, როგორც ამ ორი სარაგბო ქვეყნის მეგობრობის ნიშანი.

თავის მხრივ, იოსებ ტყემალაძემ კლოდი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში მიიწვია და როგორც მას, ასევე ძმებ იაშვილებს და ბერნარდ ლაპორტს სიმბოლური სამკერდე ნიშნები გადასცა – რაგბის ბურთთან გამოსახული საქართველოსა და საფრანგეთის სახელმწიფო დროშებით. სიმბოლური საჩუქარი გადაეცა ქართული რაგბის ლეგენდას მამუკა გორგოძეს, რომელსაც არა მხოლოდ ქართული, არამედ ფრანგული და მსოფლიო რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

„ზუსტად ვხედავ, რომ კლოდს ქართული რაგბისთვის უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია და მას მრჩეველთა საბჭოში ვიწვევ. ქართული რაგბისთვის ასევე მნიშვნელოვანია ძმები იაშვილების თანადგომა. მათი მხარდაჭერით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ფასდაუდებელია მამუკა გორგოძის ღვაწლი, რომელიც ქართული რაგბის სახეა არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს მსოფლიოში“ – დასძინა ტყემალაძემ.