ქართველმა 21-წლამდელებმა ინგლისი პირველად დაამარცხეს – გულიაშვილის დუბლი და გოჩოლეიშვილის შედევრი

0
10

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად ინგლისელი თანატოლები დაამარცხა.

ამ გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა პირველად შედგა და რამაზ სვანაძის შეგირდებმა ბათუმში მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

მანამდე, ევროპის 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრიტანელებმა იმავე ბათუმში 1:0 მოიგეს, ხოლო შინ ქართველებს უგოლო ფრეზე გაეყარნენ.

მატჩის დასაწყისში ქართველი ფეხბურთელები მარტივ სიტუაციაში შეცდნენ და კარიდან დოზე გამოსულმა მამარდაშვილი ბალოგანს ბურთი ფეხიდან აართვა, ხოლო ახლო მანძილიდან გომესის დარტყმული კვლავ მასპინძლების გოლკიპერმა გაანეიტრალა.

მე-17 წუთზე, საქართველოს ნაკრებმა ბურთი ისევ თავის მოედანზე დაკარგა და ინგლისელების კონტრშეტევის დროს ბალოგანმა მეტოქის საჯარიმოში გომესი მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა.

24-ე წუთზე, ქართველმა 21-წლამდელებმა კუთხური მოაწოდეს და თითქოს გრინმა ხიფათი განმუხტა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა, რასაც ლევან ხარაბაძის დარტყმა მოჰყვა, რომლის შემდეგ სტუმარ ფეხბურთელს მოხვდა ბურთი, რომელსაც საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა გულიაშვილმა მიწაზე დაუშვებლად ეფექტური დარტყმით ადგილი კარში მიუჩინა – 1:0.

შესვენებამდე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც გომესის გადაცემის მერე ბრიუსტერი გაექცა საბა ხვადაგიანს და მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილმა მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში უზუსტოდ დაარტყა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში იძულებითი შეცვლა განახორციელეს, ვინაიდან ბალოგანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო დაშავდა და მის მაგივრად თამაშში გრინვუდი ჩაერთო.

მატჩის გაანხლებიდან ერთ წუთში გიორგი გაგუამ მარჯვენა ფლანგზე გიორგი გოჩოლეიშვილი მოძებნა, რომელმაც დროულად შეაყოლა საჯარიმოში ბურთი გულიაშვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.

52-ე წუთზე გაგუა ქრესუელზე დაჯარიმდა და ინგლისელი ფეხბურთელი ქართველს „გაექაჩა“, მაგრამ მასპინძელთა ფორვარდი პროვოკაციას არ აჰყვა. თუმცა, მას თანაგუნდელები მიეშველნენ და ინგლისელს საკადრისი პასუხი გასცეს – განსაკუთრებით ხარაბაძემ და ხვადაგიანმა იაქტიურეს.

საბოლოოდ ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ თურქმა მსაჯმა გაგუას და ქრისუელს ყვითელი ბარათი აჩვენა.

54-ე წუთზე, მოისწრაფიშვილი მარცხენა ფრთაზე ერთ მეტოქეს გასცდა და ზუსტი გადაცემა გაუკეთა ბრიტანელთა საჯარიმოში მყოფ გულიაშვილს, რომელმაც თავით ჰეთ-თრიქის შესრულების ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა.

65-ე წუთზე, გოჩოლეიშვილმა საუცხოო სოლო რეიდი გაანხორციელა, რომლის დროს საჯარიმომდე გვერდი ერთ ინგლისელს აუარა, ხოლო საჯარიმოში შესული კიდევ ორს გექცა და ზუსტი დაარტყა – 3:0.

81-ე წუთზე ინგლისელებმა კუთხური მოაწოდეს და მოლას თავურის შემდეგ ბურთი გრინვუდს შეეხო და კარში ისე აღმოჩნდა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ინგლისელებმა კიდევ ერთი კუთხური ჩააწოდეს და გეიმ თავით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა წელს 2 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო საერთო ჯამში ბოლო 5 შეხვედრიდან ოთხში გაიმარჯვა, ერთი კი ყაიმით დაამთავრა.

საქართველო- ინგლისი 3:2 (1:0)

16 ნოემბერი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.

საქართველო: მამარდაშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, ხვადაგიანი (ჯინჯოლავა, 88), ხარაბაძე, მექვაბიშვილი (კ), ლუკა გაგნიძე, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე, 80), მოისწრაფიშვილი (ნიკა გაგნიძე, 71), გულიაშვილი (დარცმელია, 88), გაგუა.

მთავარი მწვთნელი: რამაზ სვანაძე.

ინგლისი: გრინი, თომასი (გეი, 77), ბრიუსტერი, ბალოგანი (გრინვუდი, 36), დოილი, ქრესუელი, გომესი (გომესი, 66), მოლა, გარნერი (სკიპი, 77), გიბს-ვაითი, დრამე (არონსი, 77).

მთავარი მწვრთნელი: ლი კარსლი

გოლი: 1:0 გულიაშვილი (24), 2:0 გულიაშვილი (46), 3:0 გოჩოლეიშვილი (65), 3:1 მოლა (81), 3:2 გეი (90+4)

გაფრთხილება: გაგუა (54). ქრესუელი (54), გარნერი (72)

მთავარი მსაჯი: ზორბაი ქუჩუკი (თურქეთი)