ბერნარდ ლაპორტი: “ბერნარდ ლაპორტი – რაგბი 10 ქვეყნის თამაში არაა და საქართველო ამის დასტურია”

0
2

მსოფლიო რაგბის ვიცეპრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა და წლების განმავლობაში საფრანგეთის სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა, ბორჯღალოსნებს კარგი თამაშისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს კი ამბიციური გეგმებისთვის, მადლობა გადაუხადა.

ბორდოში, ‘ლე ბლესა’ და ბორჯღალოსნების თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე ლაპორტმა განაცხადა:

„დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება – ბრავო!!! ასევე მადლობა პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ამბიციური გეგმების წარმოდგენისთვის – რაგბის მასობრიობის გაზრდით და ბავშვთა რაგბის განვითარებიდან დაწყებული, სანაკრებო დონით დასრულებული. მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია“.

იოსებ ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და ლაპორტი საქართველოში მოიწვია:

„მადლობა საფრანგეთს მასპინძლობისა და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ჩვენ სწორედ ასეთი თამაშები გვჭირდება სწრაფი განვითარებისთვის. ასევე დიდი მადლობა ბატონ ლაპორტს თბილი და საქმიანი მიღებისთვის. ჩვენ წინ ვიყურებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან მრავალწლიანი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. სწორედ ამიტომ, მსურს ბატონი ლაპორტი საქართველოში მოვიწვიო. გელოდებით საქართველოში!!!“.

პასუხმაც არ დააყოვნა – „საქართველოში მიპატიჟება მიღებულია და უმოკლეს ვადებში აუცილებლად გეწვევით“ – თქვა ლაპორტმა.