საქართველოს პრეზიდენტმა კლოდ სორელი, ძმები იაშვილები და მამუკა გორგოძე დააჯილდოვა

0
3

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ბორდოში საფრანგეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩს დაესწრნენ. მათ ქართველ მორაგბეებს უგულშემატკივრეს და მონაწილეობა მიიღეს მატჩის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გამართულ საზეიმო ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა და სპეციალური ჯილდოები გადასცა მორაგბეებს დიმიტრი და გრეგორი იაშვილებს.

თეა წულუკიანმა სპეციალური საჩუქარი გადასცა საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, კლოდ სორელს. ასევე ღონისძიებაზე რაგბის კავშირისგან სპეციალურ პრიზი გადაეცა ქართული რაგბის ლეგენდას მამუკა გორგოძეს. მატჩს საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტიც ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს გამართული მატჩი, რომელიც საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა (41:15), გახლავთ მეორე ქართული რაგბის ისტორიაში, როდესაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ გრანდს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველო და საფრანგეთი ერთმანეთს პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე მარსელში დაუპირისპირდნენ და ეს შეხვედრა მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. ბორდოში გამართული შეხვედრა კი ექვსი ერის მიერ ორგანიზებული „შემოდგომის ერთა სერიების“ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ფრანგულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი: “არაფერი ისე არ აერთიანებს საქართველოსა და საფრანგეთს, როგორც რაგბი. რაგბის ისტორიული ფესვები შესაძლოა, საქართველოში იყოს – ,,ლელო“, რომელიც გარკვეულწილად ქართულ იდეტობას ქმნის, ბუნებრიობა, სპონტანურობა და სხვა ყველაფერი, თუმცა ქართული რაგბი ვერ გახდებოდა ის, რაც დღეს არის, რომ არა კლოდ სორელი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სიმბოლური დღე, რათა თქვენთვის მომემართა და გადმომეცა ქართული ჯილდო, რომელიც ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაა გათვალისწინებული.

გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, რომელიც ოქროს საწმისის ორდენია, ოქროს საწმისი, რომელსაც ევროპელები კოლხეთში, ძველ საქართველოში ეძებდნენ. გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართველს ვანიჭებ მას, რადგან, სპორტი საზღვრებგარეშეა. თქვენ საქართველოს მოუტანეთ რაგბის ტექნიკა და ამ სპორტის ხელოვნების ჭეშმარიტი პრაქტიკა. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ქართულმა რაგბმა გადალახა საზღვრები და დღეს შეუძლია ითამაშოს და დამარცხდეს საფრანგეთთან. ძვირფასო კლოდ სორელ, ეს ჯილდო საქართველოს მიერ თქვენ მიმართ გამოხატული დაფაასებაა, იმისათვის რაც თქვენ და საფრანგეთმა ქართული რაგბისთვის გააკეთეთ.

დღეს ასევე, ჯილდოს გადმოგცემთ ძმებ იაშვილებს. ეს ჯილდო  თქვენთან ერთად ეკუთვნის მამათქვენსაც, რადგან ის ფრანგულ რაგბში იაშვილების დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო და ასევე ეკუთვნის ბაბუათქვენს, რომელიც საფრანგეთში ფრანგული წინააღმდეგობის ჯგუფის წევრი იყო, რაც საამაყოა როგორც საფრანგეთის, ასევე, საქართველოსთვის. თქვენი ოჯახი და თითოეული თქვენგანი მაგალითია იმისა, თუ რისი მომტანია ინტეგრაცია და უცხოელის წარმატება საფრანგეთში. მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია დავუბრუნოთ საფრანგეთს ყველა ის სიკეთე, რაც ქართველ ემიგრანტებს ამ ქვეყანამ მისცა. ეს ასევე, წარმომავლობის არდავიწყებისა და წინაპრების სამშობლოსადმი ერთულების შენარჩუნების მოდელია.

მე მსურს, რომ ჯილდო, რომელსაც გადმოგცემთ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის, ჩვენი წარმატების და ერთმანეთისათვის საუკეთესოს გაზიარების ნიშანი იყოს. ამისათვის, საქართველის სახელით მადლობას გიხდით”.