საქართველოს ნაკრებმა წელიწადი გამარჯვებით დაასრულა

0
5

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მიმდინარე წელი გამარჯვებით დაასრულა. ფრანგმა ვილი სანაიოლის შეგირდები გორში საკმაოდ ნორმალური დონის უზბეკეთის ნაკრებს შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

დღევანელ მატჩამდე, საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების არსებობის ისტორიაში ერთხელ შეხვდნენ და 2017 წლის 23 იანვარს დუბაიში გამართული დაპირისპირება 2:2 დასრულდა. მაშინ, ქართველებიდან გოლები თემურ შონიამ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს, ხოლო უზბეკებიდან დუბლი იტალიის “რომას” თავდამსხმელმა ელდორ შომუროდოვმა მიითვალა, რომელიც გუნდის კაპიტანია.

უზბეკებს ქართველებისთვის კარგად ნაცნობი სრეჩკო კატანეცი წვრთნის, რომელმაც ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრები იმ ჯგუფიდან გაიყვანა, სადაც საქართველოც თამაშობდა.

მატჩის დაწყების წინ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთის “როდეზის” მარცხენა მცველ ამირან სანაიას, რომელსაც სიმსივენ დაუდგინდა და მკურნალობს.

სანიოლმა შვედეთთან მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში 4 ფეხბურთელი შეცვალა. გიორგი ლორიას, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი წიტაიშვილისა და თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე პირველი წუთიდან ლაზარე კუპატაძე, ზურიკო დავითაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი და დავით ვოლკოვი იყვნენ. ეს უკანასკნელი სასტარტოში პირველად მოხვდა.

მატჩის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ უზბეკებმა სახიფათო მომენტი შექმნეს, როდესაც მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა შომუროდოვმა თანაგუნდელის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან დაარტყა და კუპატაძე ბურთს დაეუფლა.

21-ე წუთზე დავითაშვილმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი სტუმართა კართან ჩაჰკიდა და გურამ კაშიას თავურის შემდეგ ბურთი ხამრობეკოვს აშკარად ხელში მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

ტაიმის შუაწელში ირაკლი აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა აზიელთა საჯარიმოში მყოფ ვაკო ყაზაიშვილს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და კარისკენ მიმავალ ბურთს უზბეკი მცველი გადაეფარა.

ცოტა ხანში, ოთარ კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩაჰკიდა ბურთი სტუმართა საჯარიმოში და ახლო მანძილიდან დავითაშვილის დარტყმის შემდეგ, იუსუპოვმა თანაგუნდელები გოლის გაშვებისგან იხსნა.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრები აშკარა გოლს გადარჩა, როდესაც უზბეკებმა კუთხური ჩააწოდეს და შომურადოვის გადაცემის მერე ხამდამოვმა ძალიან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

მე-40  წუთზე დავითაშვილი მეტოქის საჯარიმოში ცრუ მოძრაობით კობილოვს გასცდა და მისი ჩაწოდების შემდეგ ვოლკოვმა ნახტომში თავით ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

აზაროვის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ უზბეკ ფეხბურთელს მოხვდა, რის შემდეგ ყაზაიშვილს მიუვიდ, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და იუსუპოვმა აზიელები გოლის გაშვებისგან იხსნა.

შესვენების შემდეგ ყველაზე სახიფათო მომენტი ხვიჩა კავარცხელიამ შექმნა, რომელმაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძალიან ძლიერად დაარტყა და ბურთი ჯერ ზედა ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ უზბეკთა მეკარეს.

84-ე წუთზე, უზბეკი ფეხბურთელი აზაროვს ეუხეშა, რაც მასპინძლების მარცხენა მცველმა გააპროტესტა. თუმცა, მასთან საიფიევი მივიდა ხელი ყელში წაუჭირა, რის შემდეგ ირაკლიმ სტუმართა მოთამაშეს ხელი ჰკრა და მას გიორგი აბურჯანიაც დაეხმარა. საბოლოოდ, მხარეები დაშოშმინდნენ და მსაჯმა როგორც აზაროვი, ასევე საიფიევი გააძევა.

ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მასპინძლების შეტევა გურამ გიორბელიძემ წამოიწყო და კვაარცხელიამ გააგრძელა, რომელიც მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია, მაგრამ შორეულ კუთხეში ძალიან არაზუსტად დაარტყა.

მატჩის მიწურულს კვარაცხელიამ ბურთი უზბეკების საჯარიმოში მიიღო და მისი დარტყმული იუსუპოვმა გაანეიტრალა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში განიევმა დაახლოებით 23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და კუპატაძემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, რაც 2018 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მაშინ გუნდს სლოვაკი ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა.

საქართველო-უზბეკეთი 1:0 (1:0)

15 ნოემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე, კაშია (კ), ხოჭოლავა,  ლობჟანიძე (გიორბელიძე, 86), კვეკვესკირი, გვილია (აბურჯანია, 71), აზაროვი, ყაზაიშვილი (კვარაცხელია, 60), ვოლკოვი (წიტაიშვილი, 71), დავითაშვილი (ოქრიაშვილი, 60).

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

უზბეკეთი: იუსუპოვი, კობილოვი, საიფიევი, ხაშიმოვი (იულდოშევი, 46), შუკუროვი, ალიბაევი (განიევი, 46), ხამრობეკოვი, მაშარიპოვი, შომუროდოვი (კ) (სერგეევი, 79), ხამდამოვი (ერკინოვი, 64), აბდულაევი.

მთავარი მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი.

გოლები: 1:0 ვოლკოვი (41)

გაფრთხილება: კაშია (58), შუკუროვი (81)

გაძევება: აზაროვი (84), საიფიევი (83)

მთავარი მსაჯი: ვიტალი რომანოვი (უკრაინა)