“ოლიმპმა” “ტიტებს” ოვერტაიმში სძლია

0
4

დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში “ოლიმპმა” “ტიტები” დაამარცხა და სანამ მომდევნო შეხვედრა ჩატარდებოდეს, სუპერლიგის ცხრილში გალიდერდა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და დამატებით ხუთწუთეულში გამარჯვებამდე მივიდნენ – 91:89.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად “ტიტები” დაწინაურდნენ, თუმცა “ოლიმპმა” მალევე გამოასწორა თამაში და ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. როგავას გუნდი მე-3 პერიოდში 11 ქულით გალიდერდა და თითქოს მეტოქე წელში გატეხა, თუმცა ბესიკ ლეჟავას გუნდის საქებრად უნდა ითქვას, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოახერხა მობილიზება. კარგი დაცვისა და ტაქტიკურად გამართული შეტევებით “ტიტებმა” ჩამორჩენა გააბათილა და ბოლო მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე წინ 5 ქულით გავიდა.
ლეჟავას გუნდს გამარჯვებამდე ძალიან მცირედ აკლდა, თუმცა ჯერ მეტოქის შეტევა გაეპარა და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა, შემდეგ კი შეტევაში ბურთი დაკარგა და კენდრიკ ტომპსონისგან გამთანაბრებელი სამქულიანი მიიღო. ბოლო წამებზე თავად ტიტებს გაუხდა თამაში შემოსაბრუნებელი, რაც აკაკი ლომოურის სამქულიანით მოახერხა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა.
ოვერტაიმში უმნიშვნელოვანესი იყო დავით ლომიძის 2 სამქულიანი, რამაც “ტიტებს” წარმატების შანსი მოუსპო, “ოლიმპს” კი გამარჯვება გაუნაღდა. გამარჯვებულთაგან 16 ქულით, 6 მოხსნით და 3 ჩაჭრით საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი ილია ლონდაიძე. 19 ქულით ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. “ტიტებში” 20 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 16 ქულა და 7 პასი ისააკ ასრატმა, ხოლო 15 ქულა ჯორდან რობერტსონმა მიითვალა.