“ბორჯღალოსნების” მარცხი საფრანგეთთან და ორი ლელო

0
5
ბორჯღალოსნებმა ‘ლე ბლეს’ ბორდოში დროის უმეტესი წილი დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ პირველი ტაიმის დასკვნით 15 წუთში, კაცნაკლულებმა ლელოები მიიღეს და მასპინძლებმა დამსახურებულად, 41:15 მოიგეს.

„მატმუტ ატლანტიკზე“ გამართული შეხვედრა ისტორიული იყო, რადგან ფრანგებს პირველად ვეთამაშეთ მსოფლიო თასს მიღმა და პირველად გავუტანეთ ორი ლელო. 14 წლის წინ, მარსელში გამართულ შეხვედრაში მეტოქემ 64:7 იმარჯვა, ამჯერად კი სხვაობა მხოლოდ 26 ქულა იყო.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ტიერ1-ის მეოთხე ქვეყანაა (2016 – შოტლანდია, 2018 იტალია, 2019 უელსი), ვისაც ერთ შეხვედრაში ორი ლელო გავუტანეთ, ხოლო სამი ლელო მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს არგენტინას დავუდეთ.

უდისციპლინობის შედეგად

ბორდოში გამართული მატჩის პირველ ტაიმში ბორჯღალოსნები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ბურთსაც უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა, მაგრამ საქართველო ახერხებდა თავის დაცვას. მასპინძლებმა დებიუტში ფეხით მოკლე შეცურებებზე გააკეთეს აქცენტი და პირველ ეპიზოდში ლელოს გატანის შანსიც გაუჩნდათ, თუმცა აკა ტაბუცაძემ დასწრებაზე ითამაშა და მერე მცველებმა სიტუაციას ალღო აუღეს.

რადგან პირველი წნეხი უშედეგო აღმოჩნდა, ‘ლე ბლემ’ მე-4 წუთზე ჯარიმა კარში დაარტყა და ჟამინეს მიზანმა უმტყუნა. საქართველომ საპასუხო შეტევის წამოწყება სცადა, მერაბ შარიქაძემ და ბექა საღინაძემ ბურთი კარგად წაიღეს, თუმცა დავჯარიმდით. ფრანგები კვლავ ჩვენს ნახევარზე დაბრუნდნენ, ამჯერად ჯარიმის შესრულების უფლება კარის წინ მიიღეს და ჟამინემ ანგარიში გახსნა. მეტოქე ტემპს მეთოდურად ზრდიდა და გაფუჭებული ბოჭვების სერიის შემდეგ, თედო აბჟანდაძე ყვითელი ბარათით დაისაჯა. იქვე ოლდრითმა მოლიდან შეგვიტია, მაგრამ დავით ნინიაშვილმა და გიორგი ცუცქირიძემ მას ბურთის დამიწების საშუალება არ მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები ვიყავით, მე-19 წუთზე კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოვიწყეთ. ნინიაშვილმა ფეხით შეცურებული ბურთი ცენტრის სიახლოვეს აიღო და თავად დაიძრა, ვასილ ლობჟანიძემ და გიორგი კვესელაძემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწიეს, საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და კარის წინ ჯარიმის შესრულების უფლება მივიღეთ, რომელიც ნინიაშვილმა 3 ქულად აქცია და წონასწორობა აღადგინა.

მასპინძლები გახელდნენ და მალევე, 24-ე წუთზე გვიპასუხეს. მოლის შემდეგ ბორჯღალოსნები ორმაგად დაისაჯნენ – რეფერიმ ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი და საღინაძის სინბინით დაგვსაჯა. 31-ე წუთზე მორიგ, გარდაუვალ ლელოს სანდრო თოდუამ საოცარი ბოჭვით გადაგვარჩინა, მაგრამ საკუთარი დერეფანი დავთმეთ და ჟალიბერმა იოლად გაგვიჭრა დაულაგებელი ხაზი. კიდევ 5 წუთში 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ პენომ ცენტრში შეგვიტია და მესამე ლელო გაიტანა. ჟამინემ ყველა გარდასახა.

შესვენებამდე ფრანგებმა ფეხით კიდევ ორჯერ შექმნეს საფრთხე და ჯერ თოდუას, მერე კი ნინიაშვილს აიძულეს ბურთის საკუთარ ლელოში შეტანა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 24:3.

უკეთესი მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი ბორჯღალოსნებმა პირველზე უკეთ დაიწყეს, ბურთი მეტად გააკონტროლეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ფეხით თამაშისას ერთხელ ფრანგებიც შეცდნენ და დერეფნიდან მოლის დაყენების ნაცვლად მოკლე ფრთაზე ბექა გორგაძემ შეუტია, თუმცა მას დამიწების საშუალება არ მისცეს. 48-ე წუთზე დერეფნიდან ხაზზე გავიდა ბურთი და შარიქაძემ შეუტია, ფორვარდების ორი დარტყმის შემდეგ კი, ლობჟანიძემ მცველი მოძრაობაზე გამოიჭირა და ქართველთა პირველი ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ გარდასახა და სხვაობა 14 ქულამდე დაიყვანა.

მაგრამ სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. მასპინძლებს სულ ორი წუთი დაჭირდათ, მერე მოლი დააყენეს და სტატუსქვო აღადგინეს. გარკვეული პერიოდით თამაში გათანაბრდა, 64-ე წუთზე კი საქართველომ მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად 5-მეტრიანი შერკინებიდან ფრთაზე, ბოლომდე ჩათამაშდა ბურთი და ტაბუცაძემ დიდი გუნდების შესაფერისი, კარგი ლელო გაიტანა, თუმცა გარდასახვა ამჯერად არაზუსტი იყო – 31:15.

იყო შანსი, რომ ფრანგებთან მატჩი მეტად საპატიო შედეგით დაგვესრულებინა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ‘ლე ბლემ’ კიდევ ორი შედეგი შეტევა განახორციელა, პენომ და მოვაკამ ლელოები გაიტანეს და მატჩიც ფრანგთა 26-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა – 41:15.

ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას ესპანეთში, ფიჯისთან 20 ნოემბერს გამართავენ.

შემოდგომის ერთა სერიები
ბორდო. „მატმუტ ატლანტიკ“. 14 ნოემბერი
საფრანგეთი – საქართველო 41:15 (24:3)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

2 ლელო: ლობჟანიძე, ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: ნინიაშვილი

2 სინბინი: აბჟანდაძე, საღინაძე